ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ 15 ივლისს გამართული საბჭოს წინ ჩეხეთის, ლიეტუვის, ესტონეთის, გერმანიისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი წერილი გაუგზავნეს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, მარტა კოსს.
ისინი საქართველოში უვიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით აღნიშნავენ, რომ ის უნდა შეეხოს მხოლოდ „ქართული ოცნების” კონკრეტულ მაღალჩინოსნებს და არ დაზიანდეს ერთიანად საქართველოს მოსახლეობა.
გთავაზობთ წერილს:
„ევროკავშირმა მკაფიო საჯარო გზავნილი უნდა გაუგზავნოს როგორც დემოკრატიულ უკუსვლაში პასუხისმგებელ პირებს, ასევე საქართველოს მოსახლეობას, რომელიც საკუთარი უფლებებისა და ევროპული მომავლის დასაცავად 220 დღეზე მეტია აქციებს მართავს.
ვიზების შეჩერების მექანიზმის შესახებ ევროკომისიის მეშვიდე ანგარიშში აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ საკანონმდებლო პაკეტი ზღუდავს საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს. ვენეციის კომისიამ აღნიშნული კანონების მიღებამდე უკვე მოუწოდა მათ გაუქმებისკენ. მას შემდეგ კი, ახალმა რეპრესიულმა კანონმდებლობებმა კიდევ უფრო შეზღუდეს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და საერთაშორისო დონორების საქმიანობები – მათ შორის ესენია ცვლილებები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში და ე.წ. „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA).
გარდა ამისა, უპრეცედენტოდ გაიზარდა ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავებები და პოლიტიკურად მოტივირებული სასჯელები.
აღნიშნულ ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ საქართველოზე ვიზების შეჩერების მექანიზმი ამოქმედების თავიდან ასაცილებლად, საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს ევროკომისიის რეკომენდაციები, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და გააუქმოს ყველა ის კანონი, რომელიც ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, ეწინააღმდეგება ევროპულ და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის საქართველოს ვალდებულებებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფარგლებში. ამ დრომდე საქართველოს არ გადაუდგამს ნაბიჯები ამ რეკომენდაციების შესასრულებლად, რაც აჩენს სერიოზულ ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რამდენად შეუძლია საქართველოს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულება.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა 2025 წელს მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გამარტივების შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერების შესახებ, რაც მოიცავს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის ვიზების გამონაკლისის გაუქმებას, მიგვაჩნია, რომ საქართველოში არსებული ვითარების უკუსვლა მოითხოვს ევროკავშირის დამატებით და ერთობლივ მოქმედებებს.
შესაბამისად, 15 ივლისს დაგეგმილ FAC-ის დისკუსიაზე, ვთხოვთ კომისიას, საბჭოს წარუდგინოს კონკრეტული ვადები (მაგალითად, 2025 წლის 30 სექტემბერი), რა დროისთვისაც განახლდება რეკომენდაციები საქართველოს მიმართ. მნიშვნელოვანია, გაიგზავნოს მკაფიო გზავნილები „ქართულ ოცნებასა“ და საქართველოს მოსახლეობასთან, რომ აღნიშნული რეკომენდაციების შეუსრულებლობა გამოიწვევს ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას და ამ შედეგზე სრულად პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“ იქნება. ჩვენ გთავაზობთ, რომ მექანიზმის ამოქმედების შემდეგ, ის მიზნობრივად შეეხოს საქართველოს ოფიციალური პირების კონკრეტულ ჯგუფებს – რომლებსაც განსაზღვრავს ევროკომისია – რათა ერთიანად საქართველოს მოსახლეობა არ დაზარალდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ თავდასხმა დემოკრატიაზე უფრო მძიმე ხდება და საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას ექნება მძიმე საფასური.