5 რჩევა ოჯახებს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ჯანსაღი კვებისთვის

პუბლიკა

გაეროს ბავშვთა ფონდი მშობლებს მარტივ რჩევებს სთავაზობს, თუ როგორ უზრუნველყონ ხელმისაწვდომი და ჯანსაღ კვება ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში. ფონდის მიერ მომზადებული მასალიდან გთავაზობთ ჯანსაღ კვებაზე 5 რჩევას:

1. განაგრძეთ ხილისა და ბოსტნეულის მიღება

ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის ყიდვა, შენახვა და მომზადება შეიძლება რთული იყოს მკაცრი იზოლაციის პირობებში. მით უმეტეს, როდესაც მშობლებს ურჩევენ, მინიმუმამდე შეზღუდონ სახლიდან გასვლა. მაგრამ, როდესაც შესაძლებელია, მნიშვნელოვანია ზომების მიღება, რომ ბავშვებმა განაგრძონ დღიურ რაციონში ხილისა და ბოსტნეულის მიღება.

როდესაც გექნებათ ცოცხალი პროდუქტის შეძენის შესაძლებლობა, აუცილებლად გააკეთეთ ეს. ცოცხლად მიღების გარდა, შეიძლება ხილის და ბოსტნეულის გაყინვა და  ამრიგად პროდუქტი შეინარჩუნებს გემოსა და კვებითი თვისებების უმეტესობას. ცოცხალი ბოსტნეულით სხვადასხვა სუპების, მოშუშული და სხვა კერძების დიდი რაოდენობის მომზადებით ბოსტნეული უფრო დიდხანს გაძლებს და რამდენიმე დღის განმავლობაში გექნებათ სადილი. ზოგ შემთხვევაში შეიძლება ასევე ამ კერძების გაყინვაც და შემდეგ მათი სწრაფად შეთბობა.

2. როდესაც ცოცხალი პროდუქტი არ არის ხელმისაწვდომი, ჩაანაცვლეთ ჯანსაღი მშრალი ან დაკონსერვებული პროდუქტით

ცოცხალი პროდუქტი თითქმის ყოველთვის საუკეთესო არჩევანია. მაგრამ, როდესაც ის არ არის ხელმისაწვდომი, არსებობს მრავალი ჯანსაღი ალტერნატივა, რისი ადვილად შენახვა და მომზადებაც შესაძლებელია.

დაკონსერვებული ლობიო ან ბარდა, რომელიც მრავალ სასარგებლო მკვებავ ნივთიერებას შეიცავს, თვეების და წლების განმავობაში ინახება. არსებობს მათი საკვებად გამოყენების მრავალფეროვანი გზები. დაკონსერვებული ზეთოვანი თევზი, როგორიცაა სარდინები, სკუმბრია და ორაგული, მდიდარია ცილებით, ომეგა 3 ცილოვანი მჟავებითა და მთელი რიგი ვიტამინებითა და მინერალებით. მათი გამოყენება შესაძლებელია ცივად, სენდვიჩებში, სალათებსა ან მაკარონთან ერთად. ასევე შეიძლება მათგან ცხელი კერძების მომზადებაც.

დაკონსერვებული ბოსტნეული, მაგალითად პომიდორი, ნამდვილად შეიცავს ცოცხალ პროდუქტზე ნაკლებ ვიტამინებს, მაგრამ ეს მაინც კარგი ალტერნატივაა ცოცხალი ან გაყინული პროდუქტის არარსებობის დროს.

მშრალი პროდუქტი, როგირიცაა მაგალითად ლობიო, ბარდა, ოსპი, მუხუდო, ბრინჯი, კუსკუსი ან კინოა, ასევე მაღალია კვებითი ელემენტებით, დიდხანს ინახება და არის გემრიელი, ფინანსურად ხელმისაწვდომი და კარგი დამანაყრებელი. წყალზე ან რძეზე მოხარშული შვრია შეიძლება მშვენიერი საუზმე იყოს და შესაძლებელია მისი შეზავება იოგურტით, დაჭრილი ხილით ან ქიშმიშით.

3. მოიმარაგეთ ჯანსაღი წასახემსებელი პროდუქტი

დღის განმავლობაში ბავშვებს ერთხელ ან ორჯერ სჭირდებათ წახემსება. მათთვის ტკბილეულის ან მარილიანი ვერსიების შეთავაზების ნაცვლად მიეცით უფრო ჯანსაღი პროდუქტი, როგორიცაა: თხილეული, ყველი, იოგურტი (სასურველია არა ტკბილი), დაჭრილი ხილი ან ჩირი, მოხარშული კვერცხი, ან ადგილზე არსებული სხვა ჯანსაღი პროდუქტი. ამ პროდუქტებს აქვს კარგი კვებითი თვისებები, ანაყრებს და ეხმარება ჯანსაღი კვების ჩვევების ჩამოყალიბებაში, რაც ადამიანებს მთელი ცხოვრება გაჰყვებათ.

4. შეზღუდეთ ძლიერ გადამუშავებული პროდუქტი

მაშინ, როდესაც ცოცხალი პროდუქტი არ არის ყოველთვის ხელმისაწვდომი, ეცადეთ, შეზღუდოთ ძლიერ გადამუშავებული პროდუქტის ყიდვა. ქარხნულად გამოშვებული მზა საკვები, წასახემსებელი პროდუქტი და დესერტი პაკეტებში ხშირად შეიცავს დიდი რაოდენობით გაჯერებული ცხიმებს, შაქარს და მარილს. იმ შემთხვევაში, თუ ყიდულობთ გადამუშავებულ საკვებს, ეცადეთ, ეტიკეტზე წაიკითხოთ შემადგენლობა და აირჩიოთ უფრო ჯანსაღი ვარიანტები, რომელიც შეიცავს ნაკლებ ზემოთ ჩამოთვლილ ნივთიერებას. ასევე ეცადეთ, თავი აარიდოთ შაქრიან სასმელებს და სანაცვლოდ დალიოთ ბევრი წყალი. წყალში დამატებული ხილი ან ბოსტნეული, მაგალითად ლიმონი, ლაიმი, კიტრი ან კენკრა, სასმელისთვის გემოს მიცემის კარგი საშუალებაა.

5. საჭმლის მომზადება და მიღება თქვენი ოჯახის რუტინის სახალისო ნაწილად აქციეთ

საჭმლის ერთად მომზადება და მიღება არის ოჯახში ჯანსაღი რუტინის ჩამოყალიბების, ოჯახური კავშირების და ყოველდღიურობის გახალისების კარგი გზა. როდესაც შესაძლებელია, საჭმლის მომზადებაში ჩართეთ ბავშვები – მცირეწლოვან ბავშვებს შეუძლიათ პროდუქტის გარეცხვასა და დახარისხებაში დახმარება, ხოლო შედარებით უფროსი ასაკის ბავშვებს შეუძლიათ უფრო რთული დავალებების შესრულებაც და სუფრიც გაშლაში დახმარება.

რამდენადაც შესაძლებელია, ეცადეთ, ოჯახში დაწესებული გქონდეთ საკვების მიღების ფიქსირებული დრო. ამგვარი სტრუქტურა და რუტინა დაეხმარება ბავშვებს მათი შფოთვის შემცირებაში ამ სტრესულ გარემოებებში.