„საუბარია, რომ 50-დან 70%მდე ცირკულირებს ქვეყენაში, ისევე როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაში, ე.წ. ბრიტანული შტამი“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.
„მესამე ტალღა დაიწყო ქვეყანაში, მაგრამ გვინდა რომ ის მაქსიმალურად მართვადი იყოს და არ შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში, ყველა ეს კლასტერი, რაც აქამდე გვაქვს პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება სწორედ თავშეყრებს სხვადასხვა მიზეზით, იქნება ეს ქორწილები, ქელეხი, დაბადების დღე და ა.შ. მარტო კონტროლი არ უშველის თუ ჩვენი თვითშეგნება არ იქნა, რომ თავის უნდა შევიკავოთ ამგვარი შეკრებებისგან“,- აცხადებს ამირან გამყრელიძე.
7 აპრილს ამირან გამყრელიძე აცხადებდა, რომ ქვეყანაში ე.წ. ბრიტანული შტამი ცირკულირებს და მისი წილი საერთო ცირკულაციაში დაახლოებით 20-30% იყო.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 24 823 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 707 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 592 პირი, გარდაიცვალა 8 დამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.85%.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის ვაქცინით 1 457 ადამიანი აიცრა, ამ დროისთვის ვაქცინა სულ 19 694-მა ადამიანმა გაიკეთა.