5000 ტონა შაქარი, 500 ტონა მაკარონი და მილიონ-ნახევარი ლიტრი ზეთი - სასურსათო მარაგისთვის 16 მლნ ლარი გამოიყო

პუბლიკა

საქართველოს მთავრობა სურსათის ნაწილზე მარაგის გასაკეთებლად 16 მილიონ ლარს დახარჯავს. მთავრობის განკარგულებით, პირველადი მოხმარების სურსათის მარაგის შექმნაზე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს შაქრის, მაკარონის ნაწარმისა და მზესუმზირის ზეთის შესყიდვა, დასაწყობება და შენახვა დაევალა.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ მთავრობის განკარგულების მიხედვით, არაუმეტეს: 5 000 ტონა შაქარი, 500 ტონა მაკარონი და 1 500 000 ლიტრი მზესუმზირის ზეთი უნდა შეისყიდოს.

სააგენტო პროდუქტს ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვის წესით შეიძენს, რისთვისაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

გამარტივებული შესყიდვის აუცილებლობა სააგენტოს განცხადებით, ახალი კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული გარემოების გამო დადგა და ქვეყანაში სტაბილური ეკონომიკური ვითარების შენარჩუნებისა და სასურსათო მარაგების შექმნის მიზნით ხდება.


საქართველოს მთავრობამ ამის გარდა, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტზე ფასის შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამაც დამტკიცა, რომლის დაფინანსებისათვისაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებებიდან უნდა გამოიყოს 10 000 000 ლარი.