„ბატონო ვატო, თქვენ ხართ უზრდელი ადამიანი, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ, გაბრძანდეთ სხდომათა დარბაზიდან და როდესაც ზრდილობას ისწავლით, შემდეგ შეგიძლიათ, შემოხვიდეთ“, – პარლამენტში იურიდიული კომიტეტის თვმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „TV პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი სხდომათა დარბაზიდან გააძევა, რადგან მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მავნე უწოდა.
კომიტეტზე აზარტული თამაშების შესახებ რეკლამის კანონმდებლობაში ცვლილებებს განიხილავენ.
„ეს რაღაც დაჩქარებული წესით ასე უცებ შევუდგეთ და გადავწყვიტოთ, იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელსაც მე ვთვლი, რომ მავნე ადამიანია…“, – თქვა ვატო წერეთელმა კომიტეტზე განხილვისას.
გუშინ, 2021 წლის 13 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ბიურომ გადაწყვიტა დაჩქარებული წესით განიხილოს „ქართული ოცნების” წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტი აზარტული თამაშების რეკლამის თაობაზე. ცვლილებები შეეხება რამდენიმე სამართლებრივ აქტს, მათ შორის, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონს. წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი მნიშვნელოვანი ფინანსური ეფექტების მატარებელია.