როგორ გამოიყურება სასტუმრო Alaverdi Resort-ის პროექტი, რომლის მშენებლობაც ალავერდის სამონასტრო კომპლექსთან 200 მეტრში დაიწყეს. ფოტო-რენდერები „პუბლიკას“ კომპანია „ბადაგონმა“ მიაწოდა. სწორედ ეს კომპანია აშენებს სასტუმროს ეკლესიის კუთვნილ ტერიტორიაზე.
სასტუმროს მშენებლობაში კომპანია 14 მილიონი ლარის ინცესტიციას გეგმავს. სასტუმრო 32-ნომრიანი იქნება და წელიწადში 8-10 ათასი ვიზიტორის მიღებას შეძლებს.
როგორც კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელმა, გოგი სალაყაიამ აღნიშნა, პროექტი ე.წ. პილიგრიმ-სასტუმროების კონცენფიას იზიარებს. მისივე თქმით, სინოდმა 2005 წელს განჩინება გამოსცა ეკლესია-მონასტრების სიახლოვეს პილიგრიმ-სასტუმროების აშენებაზე.
„ეს არის 32-ნომრიანი სასტუმრო, სადაც ამა თუ იმ ქვეყნიდან ჩამოვლენ მლოცველები, ასევე – ჩვენი ქვეყნიდან. სასტუმროს ნომრებთან ერთად, შესაბამისად, იქნება კვების ობიექტიც… კი, აუზიც იქნება, დასვენების“, – ამბობს სალაყაია „პუბლიკასთან“.
ალავერდის კომპლექსი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლია. ვიზუალური დაცვის არეალი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლებისათვის განისაზღვრება 500 მეტრის რადიუსით.
პროექტი უკვე გააკრიტიკეს ხელოვნებათმცოდნეებმა.
„ალავერდის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაშია, რაზეც დაცვის იგივე კანონები მოქმედებს, როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე“, – აცხადებს ხელოვნებათმცოდნე ციცინო ჩაჩხუნაშვილი ალავერდის სამონასტრო კომპლექსთან კომპანია „ბადაგონის“ მიერ სასტუმროს მშენებლობაზე.