„52 ადგილი, სადაც 2023 წელს უნდა იმოგზაუროთ“ - კახეთი NY Times-ის სამოგზაურო რუბრიკაში მოხვდა

პუბლიკა

„ახალი ნელსურნელება და მეღვინეობის უძველესი ტრადიციები მთის წვერებზე შეფენილ სოფლებსა და მწვანე ველებზე“ – კახეთი New York Times-ის სამოგზაურო რუბრიკაში მოხვდა. ამერიკულმა მედიაგამოცემამ რეგიონი იმ 52 ადგილს შორის შეიყვანა, სადაც თავიანთ მკითხველს 2023 წელს მოგზაურობას ურჩევენ.

ჟურნალისტი ევან რაილი საქართველოს შესახებ წერს, რომ მეღვინეობის 8000-წლიანი ტრადიციის მქონე მთიანი ქვეყანა ღვინის მოყვარულთა ყურადღების ცენტრში მოექცა, ღვინის დაყენების თავისებური ტრადიციითა და მრავალფეროვანი ღვინით, ასევე ყურძნის ქარიზმატული ჯიშებით, როგორიცაა, მაგალითად, საფერავი.

„შედეგად, ახლახან შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ექსპორტმა ერთ მილიონ ბოთლს გადააჭარბა და ყოველწლიურად თითქმის 29 პროცენტით იზრდება, როგორც „ღვინის ენთუზიასტი“ წერს.

ღვინის მოყვარულებს კახეთში, ვაზისუბნისა და კარდანახის მამულებში კულინარიული სამოგზაურო ტურები აძლევს შესაძლებლობას, აღმოაჩინონ ახალი ღვინოები კავკასიონის ქედებზე გაშენებულ მომცრო ქალაქებსა და ხასხასა მწვანე ხეობების ლანდშაფტში. აქ ბევრი ღვინო მიწაში ჩაფლულ ტრადიციულ თიხის ჭურჭელში – ქვევრში მზადდება.

მრავალფეროვანი გამოცდილებისთვის ადგილობრივმა მზარეულებმა კულინარიის გაკვეთილების შეთავაზებებიც დაამატეს. ამის მეშვეობით გასტრონომებს შეუძლიათ ხინკლისა და სხვა იმ ტრადიციული კერძების მომზადება, რასაც ჟურნალმა Saveur-მა „ევროპის ჯერ კიდევ უცნობი, შესანიშნავი სამზარეულო უწოდა“, – წერს ევან რაილი.