დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) გმობს დიზაინერ გიორგი მასხულიას მიმართ ჩადენილ ძალადობას. ამის შესახებ ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.
მათივე თქმით, კატეგორიულად მიუღებელია სოციალურ ქსელებში დაზარალებულის ბულინგი, სიძულვილის ენა და ჰომოფობიური/ტრანსფობიური შინაარსის კომენტარები.
„დანაშაულის მოტივის შესაფასებლად, დეტალურად უნდა გაანალიზდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შესაბამისად განისაზღვროს. აღსანიშნავია, რომ საქმეში შერეული მოტივების (ორი ან ორზე მეტი) არსებობა, არ გამორიცხავს სიძულვილის მოტივის არსებობასაც. გასათვალისწინებელია, რომ დანაშაული სიძულვილით მოტივირებულად მიიჩნევა მაშინაც, როდესაც დამნაშავის მიერ დაზარალებულის შერჩევა წინასწარგანწყობისა და შეუწყნარებლობის გამო ხდება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ თბილისის ერთ-ერთ კლუბში გვიან ღამით დიზაინერ გიორგი მასხულიას თავს დაესხნენ. როგორც მასხულია სოციალურ ქსელში წერს, მას თავს სამი ადამიანი დაესხა. ვიდეოში ჰყვება იმასაც, რომ ადგილზე პოლიცია გამოიძახა, თუმცა მათ რეაგირება არ ჰქონიათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.