534 ლარის ზიანისთვის არჩილ მუსელიანცს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პუბლიკა

აქციების დროს დაკავებულ არჩილ მუსელიანცს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოიტანა.

მუსელიანცს ედავებოდნენ აქციების დროს პარლამენტთან დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერების კაბელების დაზიანებას, რამაც 534 ლარის ზიანი გამოიწვია.

„2024 წლის 29 ნოემბერს, საღამოს საათებში, არჩილ მუსელიანცმა თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირის N8-ში მდებარე პარლამენტის შენობის წინ განთავსებული საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის კამერების ფუნქციონირებისთვის განკუთვნილ, ელექტროგამანაწილებელი მოწყობილობის ფუნქციურ ელექტროსადენებს, განზრახ, აალებული საგნის გამოყენებით, წაუკიდა ცეცხლი და დააზიანა ვიდეო სამეთვალყურეო სისტემა, კაბელები და საკაბელო ლითონის არხი, რამაც გამოწვია 534 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი”, – წერია ბრალდების შესახებ დადგენილებაში.

მოსამართლე გიორგი არევაძემ განაჩენის გამოცხადების დროს განმარტა, რატომ მიუსაჯა არჩილ მუსელიანცს 4-წლიანი პატიმრობა. მან გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ მუსელიანცი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, ასევე მოიყვანა ევროპული გამოცდილება.

„რაც შეეხება სასჯელს, რატომ თავისუფლების აღკვეთა და რატომ ამდენი, 3-დან 6 წლამდე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას მოცემული მუხლი, იმიტომ რომ არჩილ მუსელიანცი ქმედების პროცესში პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, მას მინიმუმზე უფრო მეტი უნდა დაენიშნოს სასჯელი და ამის გამო მოხდა სასჯელის განსაზღვრა…

ინტერნეტის მეშვეობით შევეცადე, მომეძიებინა ევროპული გამოცდილება ამ კუთხით და 2018 წლის 27 დეკემბრის ჰამბურგის გადაწყვეტილება არის ასეთი, როცა მომიტინგეებმა დააზიანეს სახელმწიფო ქონება ცეცხლის წაკიდებით, მოხდა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით… ასევე პარიზის 2019 წლის 16 იანვრის განაჩენია, სადაც დაკავებულებისთვის თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა 2 და 3 წლის ვადით”, – თქვა მოსამართლემ.

არჩილ მუსელიანცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ცეცხლის წაკიდებით და სასჯელის სახედ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გთავაზობთ „პუბლიკის” მასალას მუსელიანცის შესახებ:

  • „კიდევ კარგი, დახვრეტა არ არის” | ვიდეო;
  • „ბრალდებები ჩემს მიმართ არის პოლიტიკურად მოტივირებული” | ვიდეო;
  • მუსელიანცი ღირსების შემლახავ მოპყრობაზე; | ბმული;
  • მუსელიანცი მისი დაკავების შესახებ – მუქარასა და შანტაჟზე | ბმული;
  • საია: სინდისის პატიმრების საქმეების მონიტორინგში 10 პირის მიმართ არასათანადო მოპყრობა იკვეთება | ბმული;
  • არჩილ მუსელიანცის პროცესზე მოსამართლე გიორგი არევაძემ დამსწრეებს სხდომა დაატოვებინა | ვიდეო;
  • პოლიციის დეტექტივ, ვანო გავაშელიშვილის დაკითხვა | ბმული;
  • არჩილ მუსელიანცი ეროვნულ გამოცდებს აბარებს | ბმული;
  • 534 ლარის ზიანისთვის არჩილ მუსელიანცს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება | ბმული;
  • დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა და რეპლიკები | ბმული;
  • ბრალდებულის საბოლოო სიტყვა | ბმული;