თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მიხეილ სააკაშვილის საზღვრის კვეთის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ბრალდებულმა მესამე პრეზიდენტმა სიტყვის უფლებით ისარგებლა.
მოსამართლემ მას ნება იმ პირობით დართო, რომ სააკაშვილს საქმის გარშემო ესაუბრა, თუმცა მესამე პრეზიდენტმა გამოსვლა დაუთმო თავის პატიმრობას, ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას და საქართველოსა და უკრაინის პოლიტიკურ პროცესებს.
მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო ადგილობრივ არჩევნებზე საუბრით. მისი თქმით, მისი ჩამოსვლის შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები შეიცვალა, მათ შორის, ადგილობრივ არჩევნებს მიენიჭა მნიშვნელობა. სააკაშვილი გამოეხმაურა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციონერი დეპუტატის, გახარიას გუნდის წევრის არჩევას და განაცხადა, რომ ოპოზიცია უახლოეს პერიოდში „ქართულ ოცნებას“ „წაართმევს“ ბათუმსაც და ზუგდიდსაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები დაიწყო და რომ ბრძოლას აქვს აზრი.
„რამდენ ხანს ვიქნები კიდევ ციხეში, ეს არის დამოკიდებული თქვენზე“, – მიმართა მან თავის მხარდამჭერებს.
სიტყვით გამოსვლა მიხეილ სააკაშვილმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისადმი მიმართვით გააგრძელა:
„ვერ დაიმალები სხვადასხვა მონის უკან. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ შენ მართავ პროცესებს“, – მიმართა ივანიშვილს სააკაშვილმა.
ამის შემდეგ საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპატიმროში მისი პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის არშეშვების საკითხსაც შეეხო:
„მე, თუ ხედავთ, ახალი შეკრეჭილი ვარ. გუშინწინ გამოვიძახე ციხეში სტილისტი. გუშინ ეს სტილისტი მოვიდა და გამკრიჭა. 5 კვირაა, ნიუ იორკიდან ჩამოსული ჩემი პირადი ექიმი, ნიკა ყიფშიძე, წერს ყოველდღე განცხადებას, რომ შემოუშვან ჩემთან. პარიკმახერი შემოუშვეს ერთ დღში. ივანიშვილის ბრძანებით, 5 კვირაა, არ უშვებენ ჩემს ექიმებს იმ პირობებში, როდესაც მაქვს ძალიან ძლიერი სისუსტე, როდესაც მაქვს სერიოზული პრობლემები, პირველად ცხოვრებაში, ჰიპერტონიასთან დაკავშირებით; მაქვს ძალიან ძლიერი ანემია და აქედან გამომდინარე, ბევრი სხვა პროცესი.
შენ ძალიან კარგად იცი, -მივმართავ ივანიშვილს – ჩემი მდგომარეობა ყოველდღე უარესდება, რამდენჯერმე დავკარგე გონება. ეს ხდება შენი მითითებით და ვერსად ვერ გაუძვრები, ოლიგარქო, ხალხის წინაშე; ვერავის ვერ გადააბრალებ; ყველა შენკენ გამოიშვერს ხელს. იმ პირობებში, როდესაც შენ მიაღწევ შენს მიზანს და ეს ყველაფერი დასრულდება ლეტალურად, იმას ვერ ეღირსები, რომ აზროვნება არ შემეძლოს და მახსოვრობა არ მქონდეს და ინვალიდიზაცია მოხდეს. ეს ან იქნება სიკვდილი, ან მე მექნება ადეკვატური მკურნალობის საშუალება; თუ არ იქნა ადეკვატური მკურნალობის საშუალება, რა თქმა უნდა, ეს დამთავრდება იმ შედეგით, ლეტალურით, როგორც დამთავრდება, მაგრამ პასუხისმგებლობა და მინდა შეგახსენო, რომ მე არ ვარ ვიღაც, საერთაშორისო მართლმსაჯულება მოგწვდება. უკვე უკრაინის პროკურატურამ ექსტერიტორიული პროცესები დაიწყო და ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ჩემს წამებაში, დარწმუნებული ვარ, იქნება გადაცემული საერთაშორისო ძებნაში.
ვეღარც თურქეთში ვეღარ წახვალთ, ანტალიაში დასასვენებლად. მოგიხდებათ „პარაგრაფის“ ჭაობში ცურვა მანამ, სანამ ივანიშვილსაც არ მიაყოლებენ.
ამასწინათ ერთ-ერთმა მისმა წარმომადგენელმა თქვა, მახსოვრობა რომ დაეკარგა სააკაშვილსო… მე მინდა ვუთხრა, ოდესღაც ეს კაცი ადამიანი იყო და მერე დეგრადირდა. მახსოვრობა იმიტომ ხომ არ დამეკარგა, რომ მიწაზე მათრიეს; შემთხვევით იმიტომ ხომ არ დამეკარგა, რომ ღამე საწოლში 200-წნევიანს მახრჩობდნენ; 24 საათი გადაძახილს მიწყობდნენ გლდანში. ჩვენს ხალხს არ დაეკარგა მახსოვრობა და იციან, რაზეა აქ საუბარი“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა გამოსვლა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ვითარებისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებების კრიტიკით განაგრძო.
„გუშინ მოვისმინე, ინფლაცია არის სააკაშვილს ბრალიო. სასამართლო სისტემას ვთხოვ, დამიმძიმეთ ბრალი, გუშინ „ოცნებამ“ თქვა, კომუნალურები რომ თითქმის ორჯერ გაძვირდა, სააკაშვილის ბრალია; ის, რომ კომბოსტო 3-ჯერ გაძვირდა, სააკაშვილის ბრალი ყოფილა; ჩინოვნიკების გაზრდილი ხელფასები და ის, რომ ხალხს არ გაეზარდა ხელფასები, ჩემი ბრალია. დიახ, ჩემი ბრალია მხოლოდ ერთი რამე საქართველოში, მართალი რომ ვთქვათ, ჩემი ბრალია, რომ ამ მატყუარების, ფლიდებისა და საქართველოს მოძულე ადამიანის საქართველოში მოშვება დავუშვი. ეს ნამდვილად არის ჩემი ბრალი და ისტორია ამაში მე გამამტყუნებს. მე ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზში უკრაინის სიმბოლიკიანი მაისურით იმყოფებოდა. გამოსვლაში განაცხადა, რომ პუტინმა უკრაინაში ომის შესაძლებლობა უკვე დაკარგა, მაგრამ ემზადება პროვოკაციებისთვის, დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებისთვის, სამხრეთ ოსეთის, ცხინვალის რეგიონის ანექსიისთვის და ამ ფონზე, სააკაშვილის თქმით, ქართული ხელისუფლება „დამალულია“.
„ის აუცილებლად გააკეთებს ამას და ჩვენი დამხმარე არავინ არ იქნება, ეს იქნება ივანიშვილის და პუტინის ერთობლივი თამაში… ამიტომ თუ ხალხმა არ ამოიღო ხმა, ჩვენ არ გვექნება სხვა არანაირი გამოსავალი“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ხალხი იღვიძებს“ და ქვეყანაში არსებულ ვითარებას არავინ შეეგუება.
გამოსვლის დასასრულს მან საპატიმროში ექიმების დაუყოვნებლივ დაშვება და „განგრძობითი დანაშაულებრივი მოპყრობის“ შეწყვეტა მოითხოვა.
„ხალხი იღვიძებს, ამას არავინ არ შეურიგდება, რაც ხდება. ყველგან არის გამოღვიძება, ყველგან არის პროტესტი, ყველგან არის აქტიურობა, ყველგან არის ადამიანების ერთად ყოფნა. რა თქმა უნდა, ამას შეიძლება ჩემი სიცოცხლეც შეეწიროს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საქართველო აღარასოდეს დაბრუნდება იმ ძილის მდგომარეობაში, როგორიც იყო შარშანდელ წლამდე. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. კიდევ ერთხელ, მინდა დავამთავრო ამით, მე ვითხოვ ექიმების დაუყოვნებლივ დაშვებას“, – განაცხადა სააკაშვილმა.
გამოსვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა პიჯაკი გაიხადა, უკრაინის სიმბოლიკიანი მაისური კამერების წინაშე წარმოაჩინა, შემდეგ კი დარბაზი დატოვა.
მის გამოსვლას დარბაზში დამსწრეების ტაში მოჰყვა.
პროცესი პროკურატურის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდა.