562 ქალი პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მიმართავს

პუბლიკა

პარტია „დროა” ავრცელებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახელზე 562 ქალის მიერ ხელმოწერილ წერილს, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ეხება. გთავაზობთ წერილს:

„საქართველოს პრეზიდენტს

სალომე ზურაბიშვილს

მოგმართავთ საქართველოს მოქალაქეების სახელით, რომლებსაც ახლა გვაერთიანებს ადამიანის სიცოცხლის, საქართველოს ევროპული პერსპექტივის, სამოქალაქო თანხმობისა და მშვიდობის შესაძლებლობის გადარჩენის ამოცანა. რომლებისთვისაც კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფოსგან უარის თქმა კონსტიტუციურ ვალდებულებაზე: დაიცვას ადამიანის სიცოცხლე და ღირსება, პატივი სცეს ადამიანის ძირითად უფლებებს, არ დაუშვას წამება და სასტიკი მოპყრობა, არ დაუშვას სიკვდილით დასჯა.

ქალბატონო სალომე,

გადადგით ნაბიჯი, რომელსაც თქვენგან საქართველოს სასიცოცხლო ინტერესები მოითხოვს.

იმოქმედეთ, რათა თანამედროვე საქართველოში მეორედ და დიდი ხნით არ დავკარგოთ ძალა ერთმანეთის გაგონების. ერთმანეთში ადამიანის პოვნისა და დაფასების.

გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული კონსტიტუციური ბერკეტები საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად და საქართველოს ევროპული პერსპექტივის დასაცავად. აღასრულეთ საქართველოს გონიერი და ჰუმანური მოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მეგობრების მოწოდება – მიხეილ სააკაშვილის გასანთავისუფლებლად და ნიკა გვარამიას შესაწყალებლად.

არ დაუშვათ საქართველოს მესამე პრეზიდენტის წამებაში მოკვლა და ამ ქვეყანაში პოლიტიკურ შურისძიებაზე უარის თქმის პერსპექტივის გაქრობა.

სასწრაფოდ იმოქმედეთ შემდგომი პოლარიზაციის და სახელმწიფოს დეჰუმანიზაციის წინააღმდეგ.

მიიღეთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება – დამოუკიდებელი, პროდასავლური საქართველოს იდეისთვის, სადაც არავინ შეიძლება დევნონ, აწამონ და მოკლან ვლადიმირ პუტინის სცენარის მიხედვით.

მოგიწოდებთ, შეასრულეთ საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური, ისტორიული და ადამიანური ვალდებულება”, – ნათქვამია ზურაბიშვილისთვის მიწერილ წერილში.