თსუ-ის სტუდენტთა ნაწილი რექტორის კაბინეტთან ღამის გათევას აპირებს

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილმა დღეს მორიგი აქცია გამართა – ისინი, რექტორთან საჯარო შეხვედრის მოთხოვნით, გიორგი შარვაშიძის კაბინეტთან მივიდნენ. სტუდენტები სწავლის შერეულ რეჟიმზე (აუდიტორია, პლუს დისტანციური) უარსა და რექტორისა და ადმინისტრაციის დამოკიდებულებას რამდენიმე კვირაა, აპროტესტებენ.

როგორც სტუდენტი სოფო მოლაშხია „პუბლიკის” კორესპონდენტთან საუბრისას აცხადებს, ისინი ადგილზე ღამის გათევას აპირებენ.

მისივე თქმით, შარვაშიძესთან შეკითხვები აქვთ და სანამ მას არ შეხვდებიან, დაშლას არ აპირებენ.

„ჩვენ უკვე ერთი თვეა, მოვითხოვთ იმას, რომ სწავლა გაგრძელდეს 2 მაისიდან ჰიბრიდულად. ასევე მოვითხოვთ კითხვებზე პასუხს თუ რატომ არ აქვს უნივერსიტეტს იმის რესურსი, თუ 2 თვის განმავლობაში შემოგვთავაზოს სწავლის ჰიბრიდული რეჟიმი და ასევე მოვითხოვთ საბინაო პოლიტიკის დღის წესრიგში დაყენებას.

მანამ სანამ რექტორი არ შეგვხვდება, არ გაგვცემს ყველა შეკითხვაზე პასუხს, იქამდე ვიქნებით აქ და არ დავტოვებთ უნივერსიტეტის შენობას“, – განაცხადა მან.


თსუ-ში 2 მაისიდან (ანუ დარჩენილი ნახევარი სემესტრი) უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი სრულად აუდიტორიაში გადავიდა.

სტუდენტები მოითხოვენ, რომ დარჩენილ პერიოდშიც იყოს შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, დისტანციურად ისწავლონ, ვინაიდან აუდიტორიაში დაბრუნება ბევრისთვის უამრავ სოციალურ-ეკონომიკურ ბარიერთანაა დაკავშირებული, რომლის მოგვარებაც სტუდენტებისთვის მიცემულ პერიოდში ვერ მოხდება.

მათი თქმით, რეგიონში მცხოვრები სტუდენტები 2 თვის გამო ჩამოსვლას ვერ ახერხებენ, აწყდებიან ბევრ ბარიერს გაძვირებული ქირის გამო. სტუდენტები დღის წესრიგში ასევე აყენებენ უნივერსიტეტში საბინაო პოლიტიკის მოგვარების საკითხსაც.

უნივერსიტეტის განცხადებით, კი სრული სააუდიტორიო სწავლება განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი გადაწყვეტილებაა, რადგან, მათი თქმით, ვერანაირი სხვა ფორმატი – ვერც სრულად დისტანციური და ვერც ჰიბრიდული – ვერ იძლევა სწავლა-სწავლების საჭირო ხარისხს.