ლილოს დასახლებაში, 21 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
როგორც საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, მტკიცებულებებისა და ფაქტების ერთობლიობა ბრალდებულის დანაშაულს ასაბუთებს.
მისი თქმით, მოკლულ ქალს 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელია.
„ინსტაგრამის მიმოწერები ადასტურებს, რომ ქეთევან ჯავახიშვილი ბრალდებულს მიაჩნდა საკუთრებად. გოგონას 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული სხეულის ყოველ ორგანოზე. ყოველი ჭრილობა სიცოცხლის დროინდელია.
ბრალდებული ცდილობდა ქვეყნის დატოვებას. შემთხვევა დაახლოებით ღამის 2-დან 3-ის ნახევრამდე მოხდა. 19:21 წუთზე ეს ადამიანი სამეგრელოში დაიჭირეს. ის თავად გამოცხადდა სამართალდამცავ დაწესებულებაში. მისი გამოცხადების მიზანი იყო, რომ იქნებ მართლმსაჯულება შეემსუბუქებინა.
ბრალდებულის სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული დანა და ქურთუკი, რომლებიც სისხლითაა გაჟღენთილი, დანაშაულს კიდევ ერთხელ ადასტურებს. ასევე, სახლთან ახლოს, ნაგვის ურნიდან ამოღებული სისხლიანი შარვალი.
სამივე საფუძველი სახეზეა, როგორც მიმალვის, ისე ახალი დანაშაულის ჩადენის, ისე ნივთმტკიცებულებების განადგურების. ის, თუ როგორ ჩაიდინა მან დანაშაულებრივი ქმედება, ნამდვილად ქმნის იმის წარმოდგენას, როგორ შეიძლება ის მოიქცეს მომავალში, თუ მას არასათანადო სასჯელს მივცემთ’, – განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.
სამართალდამცველებმა 2003 წელს დაბადებული ოთარ ცინდელიანი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით გუშინ, ზუგდიდში დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, მან თბილისში, ლილოს დასახლებაში 21 წლის ქალი „ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით“ მოკლა.
განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს – დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.