OpenTalks.AI – ამ სახელწოდებით 6-7 მარტს თბილისში, Axis Pullman-ში რუსული კომპანიის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართება. ორგანიზატორი კომპანია IP Laboratory-ია, OpenTalks.ai კი – მისი მთავარი ღონისძიება.
IP Laboratory აკეთებს AI ანალიტიკას, მომხმარებლებს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით კონსულტაციებს უწევს, ასევე არის სასწავლო კურსების და კონფერენციების ორგანიზატორი.
Open Talks-ის აღწერის თანახმად, ღონისძიება 2018 წლიდან ტარდება და არის წამყვანი კონფერენცია ხელოვნური ინტელექტის შესახებ რუსეთში.
ვებგვერდის მიხედვით, IP Laboratory-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი იგორ პივოვაროვია. პივოვაროვი ასევე მუშაობს რუსულ კომპანია MIPT-ში – არის მისი მთავარი AI ანალიტიკოსი. მის პირად ვებგვერდზე წერია, რომ MIPT ამზადებს ანალიტიკურ ანგარიშებს ხელოვნური ინტელექტის შესახებ რუსეთსა და მთელ მსოფლიოში (www.aiReport.ru).
IP Laboratories-ის კლიენტებს შორის არიან:
Yandex, რომელიც არაერთხელ დაადანაშაულეს რუსული პროპაგანდის ხელშეწყობაში, ასევე, mail.ru. სბერბანკი – რუსული ბანკი, რომელსაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასავლეთმა სანქციები დააკისრა, და კიბერუსაფრთხოების რუსული კომპანია Kaspersky, რომლის დამფუძნებელიც ნატალია კასპერსკაიაა და რომელიც ФСБ-ს კიბერუსაფრთხოების დანაყოფებთან მუშაობს. მისი ქმარი, მისი და Kaspersky-ის თანადამფუძნებელი ევგენი კასპერსკი სწორედ ФСБ-ს თანამშრომელი იყო.
რაც შეეხება უშუალოდ OpenTalks.AI-ის – ღონისძიების გამომსვლელთა უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა. თუმცა, სპიკერებს შორის ქართველიც არის – შოთა ღვინეფაძე, „თავისუფალი უნივერსიტეტის” ასოცირებული პროფესორი; მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების და ინჟინერიის სკოლის ასოცირებული დეკანი.
„თავისუფალ უნივერსიტეტში” „პუბლიკას” უთხრეს, რომ შოთა ღვინეფაძის სახელი ორგანიზატორებმა დღის წესრიგში თვითნებურად ჩაწერეს.
„უკვე მივმართეთ მოთხოვნით, წაშალონ მისი გვარი. იმედი მაქვს, ასეც მოიქცევიან”. – თქვა უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა.