„6 დღე არ არის ძალიან დიდი დრო, გრძელდება ოპერაცია და იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში ეს ყველაფერი წარმატებით დასრულდება“, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას ზუგდიდში ბანკში თავდასხმის შესახებ. მედიის წარმომადგენელმა მას ჰკითხა – თავდასხმიდან ამდენი დღის შემდეგ ის რომ ჯერ კიდევ თავისუფალია, ნიშნავს თუ არა სამართალდამცავი უწყებების ხარვეზს?
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია, ის იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს მისი დაჭერის ოპერაცია.
21 ოქტომბერს ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ნიღბიანი და შეიარაღებული პირი შეიჭრა. მძარცველს რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი მოქალაქეები. მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ის 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვდა. ოფიციალური ცნობით, სამართალდამცველებმა მძარცველს მოთხოვნილი თანხა გადასცეს. ბოლო ცნობით, ყველა მძევალი თავისუფალია, დამნაშავის დაკავების მიზნით კი, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.