6 იანვრიდან სააკაშვილმა შესაძლოა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართოს - ადვოკატი

პუბლიკა

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ ადვოკატებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ ექიმების დამოუკიდებელ ჯგუფს არ ეძლევა მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა და ასევე ადვოკატებთან შეხვედრისას დაცული არ არის კონფიდენციალურობა.

„თუ 6 იანვრამდე ეს პრობლემები არ იქნება მოგვარებული და პენიტენციური სამსახური გადაწყვეტს, რომ კანონის სრული იგნორირებით გააგრძელოს პოლიტიკური პატიმრის უფლებების შელახვა, ამ შემთხვევაში მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმებს“, – განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

თუმცა ადვოკატი ამ დროისთვის ვერ აკონკრეტებს რა იგულისხმება „პროტესტის უკიდურეს ფორმაში“.

„ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ, რაც დაცვის უფლებების დარღვევაა. ამასთან დაკავშირებით როგორც ადვოკატებს, ასევე მიხეილ სააკაშვილს გვაქვს პროტესტი. უნდა მოგვეცეს სააკაშვილთან კომუნიკაციის შესაძლებლობა ისევე, როგორც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანამდე იყო შესაძლებელი“, – განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.