6 ივლისის აქციაზე ჩემი მისვლა გაზრდიდა ძალადობის ალბათობას, მეტიც დაიღვრებოდა სისხლი - მელია

პუბლიკა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ 5 და 6 ივლისის მოვლენების შესახებ კომენტარი ტვ პირველის გადაცემა „რეაქციაში“, ინგა გრიგოლიასთან საუბრისას გააკეთა. მელიამ აღნიშნა, რომ ის5 ივლისს თბილისში არ იმყოფებოდა, თუმცა 6 ივლისს აქციაზე შეგნებულად არ მივიდა პარლამენტთან, რადგან მისი იქ მისვლა „ძალიან გაზრდიდა ძალადობის ალბათობას“:

„პირდაპირ რომ გითხრათ, მე სად ვიყავი პირველ დღეს [5 ივლისს], სამწუხაროდ, მე საერთოდ თბილისში არ ვიყავი, როდესაც დილის 10 საათზე დაიწყო დარბევა და რომც ვყოფილიყავით, პრინციპში, რა უნდა გაგვეკეთებინა, როდესაც დილის 10 საათზე კარვების დარბევა და ჟურნალისტებზე ძალადობა დაიწყეს?! მეორე დღეს [6 ივლისს], მე ვიყავი თბილისში და შეგნებულად არ ჩავედი რუსთაველის გამზირზე. ეს იყო ჩემი ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება, რომ იქ არ ვყოფილიყავი.

რატომ? მე მქონდა ინფორმაცია, ისევე, როგორც სხვადასხვა შემთხვევებში – როგორც ჩვენგან ჟონავს ინფორმაცია, ასევე ჟონავს მათგანაც, – რომ ჩემი იქ ჩასვლა ძალიან გაზრდიდა ძალადობის ალბათობას. მეტიც, დარწმუნებული ვარ, ეჭვი საერთოდ არ მეპარება, რომ იქ პრაქტიკულად დაიღვრებოდა სისხლი. თანაც ისე დაიღვრებოდა, რომ ქართულ ოცნებას არ გაუჭირდებოდა, რომ ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ მე გამოვეყვანე.

ის კორდონი მაშინვე გაიხსნებოდა, როგორც კი ქართული ოცნება ჩათვლიდა საჭიროდ. თუკი ჩვენ ამოვდივართ იქიდან, რომ ის ხალხი, აბსოლუტური უმრავლესობა, არიან და იყვნენ მართულები და მეორე მხარეს – პოლიცია, რომელიც, სამწუხაროდ, ასევე თავიდან ბოლომდე მართულია და რასაც უბრძანებენ, იმას ახორციელებენ, ის კორდონი გაიხსნებოდა მაშინვე, როდესაც ჩათვლიდნენ საჭიროდ. და გაუჭირდებოდათ დაბრალება ჩემზე?

დილიდან იყო კამპანია დაწყებული იმისა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იდგა ამ ყველაფრის უკან, მათ შორის, აფრიალებდნენ ორ ფოტოსურათს, სადაც მე ვიყავი აღბეჭდილი ორ ახალგაზრდასთან, რომლებიც იყვნენ მოძალადეების მხარეს. ანუ, იმასაც კი არ ერიდებოდა ქართული ოცნების პროპაგანდა, რომ აი, ნიკა მელიას ახლობლები და წარმომადგენლები არიან მეორე მხარესაც, ანუ ორივე მხარეს გვყავდა ჩვენ-ჩვენი პროვოკატორები.