ტელეკომპანია „პალიტრანიუსის” ოპერატორ ბექა მშვილდაძეზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულს, ირაკლი ყავლაშვილს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, ყავლაშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, – ინფორმაციას სააგენტო IPN ავრცელებს.
ბექა მშვილდაძის შემთხვევა 6 ივლისს მოხდა. 5 ივლისის მოვლენების შემდეგ პარლამენტის წინ მდუმარე აქცია უნდა გამართულიყო.
აქციის დაწყებამდე პარლამენტთან რადიკალური ძალადობრივი ჯგუფების მობილიზება დაიწყო. ისინი ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე პოლიტიკოსებსა და „პრაიდს“ აქციას არ ჩაატარებინებენ.
5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შედეგად მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. ამ დრომდე სამართალდამცავ უწყებებს ძალადობის ორგანიზების ბრალდებით არცერთი პირი არ დაუკავებია.