ესპანელი ბავშვები ექვსკვირიანი იზოლაციისა და კარანტინის შემდეგ დღეს პირველად გავიდნენ სახლებიდან სასეირნოდ.
ესპანეთი ეპიდაფეთქების ერთ-ერთი ცენტრია ევროპაში, თუმცა, როგორც Reuters წერს, დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება Covid 19-ით გარდაცვალებულთა რიცხვის კლებამ განაპირობა.
ესპანეთის მთავრობამ 14 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქვეყანაში და მათ მიერ მიღებული რეგულაციებით, 14 წლამდე ასაკის ბავშვებს უფლება არ ჰქონდათ გარეთ გამოსვლის. დღეიდან ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ დილის 9-დან საღამოს 9 საათამდე დროის მონაკვეთში, 1 საათის განმავლობაში საკუთარი სახლიდან 1 კილომეტრის რადიუსში ისეირნონ. თუმცა მათ უნდა დაიცვან სოციალური დისტანციის შესახებ მითითებები.
ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსული ინფექციით 288 ადამიანი დაიღუპა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ამ თვეში.
ესპანეთში Covid 19-ით ინფიცირების 223 759 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 95 708 ადამიანი. ხოლო გარდაცვლილია 22 902 ადამიანი.