6 ოპოზიციური პარტია რუსულ კანონთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
პარტიები უერთდებიან 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს და იწვევენ საქართველოს მოქალაქეებსაც.
„ჩვენ, პროდასავლური ოპოზიციური პარტიები ვუერთდებით ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს და ვიწვევთ საქართველოს მოქალაქეებს, რათა კიდევ ერთხელ, მშვიდობიანად, მკაფიოდ და ხმამაღლა ვუთხრათ კი ევროპას, არა რუსულ კანონს!
ვაფასებთ სამოქალაქო სექტორის პოზიციას ღირსების შემლახავ რეესტრში დარეგისტრირებაზე უარისა და რუსული კანონის გახმობამდე ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შეჩერების შესახებ.
29 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი შეკრება, რომელზეც საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ თბილისში ჩამოიყვანენ, არის ამ ადამიანების შეურაცხყოფა, რუსული ხელისუფლების მიერ მათი გამოყენება ჩვენი საერთო ევროპული მომავლის წინააღმდეგ და ცხადი პროვოკაცია იმ გულწრფელი და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომელთა უწყვეტმა პროტესტმა უკვე ათი დღეა მოიცვა დედაქალაქის ქუჩები.
მივმართავთ საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებს. ჩვენ კარგად გვესმის პოლიტიკური წნეხის მასშტაბი, რომელსაც „ქართული ოცნება“ თქვენს წინააღმდეგ იყენებს. თუმცა, ეს ის მომენტია, როდესაც თითოეულმა თქვენგანმა უნდა გააკეთოს ერთადერთი სწორი არჩევანი – არ დაემორჩილოთ რუსული ხელისუფლების მითითებას და ნუ გახდებით ივანიშვილის ფარი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ ბრძოლაში.
29 აპრილს ივანიშვილის მიერ ორგანიზებული შეკრების მიზანია დაყოს და დააპირისპიროს ქართველი ხალხი, შექმნას ყალბი სურათი, თითქოს რუსულ კანონთან დაკავშირებით საქართველოში არსებობს განსხვავებული პოზიციის მქონე ორი ბანაკი. ჩვენ კარგად გვესმის საზოგადოების მთლიანობის მნიშვნელობა და არასოდეს დავუშვებთ კრემლის საოცნებო სცენარს ჩვენი ხალხის დაყოფისა და დაპირისპირების შესახებ.
ერთიანი ძალებით, კოორდინირებულად ვემზადებით წინააღმდეგობისთვის რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისათვის, როცა ყველამ ერთად, მტკიცედ უნდა განვაცხადოთ კი ევროპას! არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას!“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, ენმ, „რესპუბლიკური პარტია“, „სტრატეგია აღმაშენებელი“.
აქციას შეუერთდება „ლელოც“. პარტიამ განცხადება ცალკე გაავრცელა.
„მოვუწოდებთ ყველას, არ დაემორჩილოთ რუსული ხელისუფლების იძულებას. არ გახდეთ ქვეყნის რუსეთიზაციის მონაწილეები. ჩვენი ადგილი ევროკავშირშია. ესაა გადამწყვეტი მომენტი, რომელშიც თითოეულმა თქვენგანმა უნდა გაიხსენოს ყველა ის ნაბიჯი, რომელიც აქამდე გადაუდგამს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისათვის და მიიღოს გადაწყვეტილება დარჩება თავისი თავის ერთგული, თუ გახდება ბიძინა ივანიშვილის რუსული ხელისუფლების ნაწილი.
ჩვენ არ უნდა მივცეთ ბიძინა ივანიშვილს შესაძლებლობა დაყოს ქართული საზოგადოება, რადგან დღეს არ კეთდება არჩევანი ამ ან სხვა პარტიას შორის. არჩევანი გაკეთებულია – ერთ მხარეს დგას ქართველი ხალხი, რომლის არჩევანიც ევროკავშირია, მეორე მხარეს კი რუსეთი. „ლელო“, ქართველ ხალხთან ერთად, ერთიანი ძალებით, კოორდინირებულად ვემზადებით წინააღმდეგობისთვის რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისათვის. ჩვენ ერთად, მტკიცედ განვაცხადებთ, რომ ჩვენი არჩევანი ევროკავშირია კი ევროპას! არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას! – წერია განცხადებაში.