„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს დღეს ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა საქართველოში გაზრდილი რაოდენობით რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე – „ძალიან ბევრი რუსი შემოდის საქართველოში. საუბარია იმაზეც, რომ შესაძლებელია, მოსახლეობის 10 პროცენტსაც შეადგენენ რუსეთის მოქალაქეები, რას ნიშნავს ეს?“, – ირაკლი კობახიძემ აღნიშნულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა:
„რამდენია ძალიან ბევრი, აბა, მითხარი. ახლა გაჩვენეთ, რა დონის ტყუილებს ავრცელებს თქვენი ტელევიზია. თქვეს, რომ 10% არიან რუსეთის მოქალაქეები საქართველოში. მთლიანად რომ ავიღოთ შემოსვლის მაჩვენებელი, ამ 6 თვის განმავლობაში, იქ ხომ მერე გადიან და რჩება რაღაცა ამის მეათედი.
შემოსვლის მაჩვენებელიც რომ ავიღოთ 6 თვის, არის სულ მოსახლეობის 7%-ზე ნაკლები და ნაშთი რომ აიღოთ, შეიძლება, 1%-ც არის იყოს, თქვენ ამბობთ 10%-ს. ასე იქმნება მარტივად „ფეიკები“, ეს არის ტყუილი, რომელსაც თქვენი ტელევიზია ავრცელებს“, – განაცხადა კობახიძემ.
შსს-ს მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან საქართველოს საზღვრის კვეთის მაჩვენებელი ყოველთვიურად იზრდება და სხვა ქვეყნებთან შედარებით აპრილიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში პირველ ადგილზე გადმოინაცვლა.
მხოლოდ ივნისში რუსეთიდან საქართველოს საზღვრის კვეთის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით ზრდა 340%-ია.