6 თვით პენსიის დაზოგვის გამო პენსიონერისათვის საპენსიო თანხის გადახდის შეჩერებას საია საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

პუბლიკა

საიამ პენსიონერ მედია კვაჭაძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. წარდგენილი სარჩელით საია მოითხოვს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონისა და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ითვალისწინებს პენსიის შეჩერებას, თუ პენსიონერმა 6 თვის განმავლობაში საბანკო ანგარიშზე დატოვა პენსია. პენსიონერს აქვს პენსიის განახლების მოთხოვნის უფლება, თუმცა მას აუნაზღაურდება მხოლოდ ერთი წლის პენსია.

როგორც საიას მიერ გვარცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მოსარჩელე მედეა კვაჭაძემ გადაწყვიტა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად დაეგროვებინა საპენსიო თანხა. ამიტომ, არ გამოჰქონდა სახელმწიფოს მხრიდან დარიცხული პენსია საკუთარი საპენსიო ანგარიშიდან.  2017 წლის 1 ივნისიდან სახელმწიფომ შეწყვიტა მედეა კვაჭაძისათვის პენსიის დარიცხვა. ის, რომ საპენსიო თანხის მოცულობა არ იზრდებოდა, მედეა კვაჭაძემ შენიშნა მხოლოდ 2019 წლის იანვარში და განცხადებით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს. მედეა კვაჭაძეს აღუდგა პენსია, თუმცა მან მიიღო მხოლოდ ერთი წლის, 2017 წლის 1 ივნისიდან 2018 წლის პირველ ივლისამდე მისაღები საპენსიო თანხა. პენსიის შეჩერების პერიოდი ერთი წელი და შვიდი თვე,  საიდანაც სახელმწიფომ მხოლოდ ერთი წლის პენსია აანაზღაურა. საიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული ნორმის საფუძველზე, სოციალური მომსახურების სააგენტომ უარი განაცხადა პენსიონერისათვის აენაზღაურებინა დარჩენილი 7 თვის ანაზღაურება.

საიას მიაჩნია, რომ საპენსიო თანხაზე ადამიანს აქვს საკუთრების უფლება. 

ამასთან საიას არაკონსტიტუციურად მიაჩნია ის, რომ სახელმწიფო სრულად არ ანაზღაურებს მის მიერ არაკონსტიტუციურად შეჩერებული პენსიის თანხას და ახდენს მხოლოდ ერთი წლის მიუღებელი პენსიის გადახდას.

საიას აზრით, გასაჩივრებული ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებულ საკუთრების უფლებას.