60-მდე უცხოელი მეცნიერი ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულების მხარდასაჭერად პრემიერს მიმართავს

პუბლიკა

„საერთაშორისოდ აღიარებული უმაღლესი დონის 56 მეცნიერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავს და ეროვნულ მუზეუმიდან თანამშრომლების გათავისუფლებაზე მწუხარებას გამოთქვამს.

მათივე თქმით, ეს პროცესი უდიდეს ზიანს აყენებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას. გთავაზობთ წერილს:

„როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ქვეყნის მთავარი მმართველ პირს ჩვენ, მეცნიერები მთელი მსოფლიოდან გწერთ და ვითხოვთ თქვენს სოლიდარობას და თანადგომას.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და მისი მკვლევარები ჩვენი კოლეგები არიან, ჩვენ ერთად ვითანამშრომლეთ და ბევრი იდეა გავუზიარეთ ერთმანეთს. ჩვენ მოვამზადეთ მრავალი კვლევითი ნაშრომი და შევთავაზეთ მსოფლიოს ახალი სამეცნიერო შეხედულებები. კვლევა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ ქართველ კოლეგებთან ერთად, არის მთელი მსოფლიოს სტუდენტების სახელმძღვანელოებში.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბევრი ახალგაზრდა კოლეგა ამბიციურია, ბევრი უკვე გამოცდილია, მათი ცოდნა ფასდაუდებელია და შეუცვლელია მათი ერთგულება ქართული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და კვლევის მიმართ.

2022 წლის 24 მაისს ამ მკვლევართაგან ბევრი გაათავისუფლეს საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, ყოველგვარი წინასწარი ახსნა-განმარტებისა და მიზეზის გარეშე.

ეს უზარმაზარ ზიანს აყენებს საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, მიმდინარე კვლევებს და მომავალ საერთაშორისო თანამშრომლობას.

ამიტომ, ვითხოვთ თქვენს მხარდაჭერას, რომ დავიცვათ ეს პროფესიონალები, დავიცვათ მათი შრომის უფლება, აკეთონ თავიანთი საქმე, იყვნენ სასარგებლო ქვეყნისთვის და გამოიმუშაონ ახალი ცოდნა, ქართველებმა და მსოფლიომ იამაყონ თავიანთი ახალი კვლევის შედეგებით, ახალი გამოფენებით და თანამშრომლობით.

ჩვენ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ არსებული სიტუაციით და ღრმად ვიმედოვნებთ, რომ თქვენ მოახდენთ სწრაფ რეაგირებას საქართველოს ეროვნული მუზეუმში მიმდინარე და უსაფუძვლო წმენდაზე მისი მკვლევართა და ადმინისტრაციული პერსონალისგან”, – ნათქვამია წერილში.



მას შემდეგ, რაც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა, კულტურის სამინისტრომ სამინისტროში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, ეროვნულ მუზეუმსა და სხვა ქვეუწყებებში რეორგანიზაცია და საშტატო ცვლილებები დაიწყო, რის შემდეგაც ათობით თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.

გათავისუფლებული თანამშრომლები აცხადებენ, რომ ისინი პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით გათავისუფლდნენ და გასაუბრებები, რომლებიც ახალმა მენეჯმენტმა თანამშრომლებთან ჩაატარა, არ ეხებოდა პროფესიულ საკითხებს.

სამინისტროდან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან და ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებების სერიებს საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომლებიც პერიოდულად იმართებოდა.

კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა საკუთარი უფლებების დასაცავად დამოუკიდებელი პროფკავშირიც შექმნეს.

კულტურის სამინისტროდან და მის ქვეშ არსებული სსიპ-ებიდან გათავისუფლებული თანამშრომლების უფლებებს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია იცავს.

მასობრივი გათავისუფლებიდან ერთი წლის თავზე რამდენიმე გათავისუფლებულმა თანამშრომელმა კულტურის სამინისტროსა და მის ქვეუწყებებს სასამართლო პროცესი მოუგო. სასამართლომ მათი სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო.