„62 პროფესორიდან არცერთი არ ეთანხმება უნივერსიტეტების გაერთიანების იდეას“ - თსუ-ის სოც.პოლის პროფესორები

პუბლიკა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები თსუ-ისა და სტუ-ის გაერთიანებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

მათი ცნობით, ფარულად ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, 62 პროფესორიდან არცერთი არ ეთანხმება უნივერსიტეტების გაერთიანებას.

პროფესორები მოითხოვენ, შეჩერდეს უნივერსიტეტის სტატუსსა და სტრუქტურასთან დაკავშირებული ცვლილება, ასევე დაიწყოს კონსულტაციები და საჯარო დისკუსია აკადემიურ საზოგადოებასთან.

„გაცნობებთ, რომ 2026 წლის 31 იანვარს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებმა ფარულ გამოკითხვაში ერთსულოვნად დააფიქსირეს უარყოფითი დამოკიდებულება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით.

62 პროფესორიდან, რომლებმაც გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა, არცერთი ეთანხმება უნივერსიტეტების გაერთიანების იდეას.

ხსენებული გამოკითხვის საფუძველზე ვაქვეყნებთ ღია წერილს, რომელთან მიერთება შეუძლია საუნივერსიტეტო საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს, რომელიც იზიარებს ტექსტის სულისკვეთებას.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორების ღია წერილი:

მოგეხსენებათ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება, ის არის ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილი – საქართველოს ისტორია, წარსული, აწმყოცა და მომავალიც; ადგილი, რომელსაც ასეულობით ათასი ადამიანის როგორც პროფესიული, ისე პიროვნული მომავალი განუსაზღვრია; ადგილი, სადაც ყალიბდებოდა თანამედროვე ქართველი ერი.

ამ წერილით კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ თსუ არ არის უბრალოდ ინსტიტუცია, რომლის მომავალი მხოლოდ პროცედურულ, ან სამართლებრივ ჭრილში უნდა განიხილებოდეს.

შესაბამისად, გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან მოვითხოვთ:

შეჩერდეს უნივერსიტეტის სტატუსსა და სტრუქტურასთან დაკავშირებული ნებისმიერი ნაჩქარევი, ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც განსაზღვრავს მის აწმყოსა და მომავალს;

დაიწყოს ფართომასშტაბიანი, საჯარო და არგუმენტირებული კონსულტაციები აკადემიურ საზოგადოებასთან“, – ნათქვამია წერილში.

წერილის ხელმომწერთა სია განახლებადია.


29 იანვარს „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ პარტიამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო.

მიქანაძის განმარტებით, ეს იქნება საწინდარი იმისა, რომ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდება რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი“.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო „საბჭო“ და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც რეორგანიზაციის პროცესის წარმართვას უზრუნველყოფენ.

მისივე თქმით, უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, დამატებით შეიქმნება წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობა და ამ თანამდებობაზე კონკურსის წესით შერჩეული პირები უზრუნველყოფენ სასწავლო და კვლევითი საქმიანობის სტრატეგიულ ხელმძღვანელობას, ხარისხის ზრდასა და ახალგაზრდა აკადემიური პერსონალის განვითარებას.

ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან როგორც თსუ-ის, ისე სტუ-ის ლექტორებისა და სტუდენტების ნაწილი. უნივერსიტეტებთან რამდენიმეა დღეა, აქციები იმართება.