62 წლის ქალი მარნეულიდან, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო, დღეს გაეწერება – რატიანი

პუბლიკა

ლევან რატიანის განცხადებით, დღეს კლინიკიდან გაეწერება 62 წლის პაციენტი მარნეულიდან, რომელიც, მისი თქმით, ყველაზე კრიტიკული იყო საქართველოში. კლინიკას დატოვებს 65 წლის პაციენტიც, რომლის კლასტერს რატიანი არ აზუსტებს.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულია 85 პაციენტი, მათგან 67 ინფიცირებულია კორონავირუსით. რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 5 პაციენტი, მათგან მძიმე მდგომარეობაში იყო 44 წლის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა ფილტვის მწვავე დაზიანება.

„პაციენტი იმყოფებოდა არაინვაზიურ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. ბოლო 48 საათის განმავლობაში მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა და მოიხსნა ვენტილაციიდან. კვლევების მიხედვით, მისი დაზიანებების ნიშნები მკვეთრად შემცირებულია და პაციენტი გადადის თერაპიულ განყოფილებაში. გვყავს 4 პაციენტი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური, ერთის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ველოდებით, რომ მოიხსნას ვენტილაციიდან”, – განაცხადა რატიანმა.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული ფეხმძიმე ქალისა და ნაყოფის მდგომარეობა სტაბილურია. რატიანის თქმით, ასევე სტაბილურია სამი ბავშვის მდგომარეობა, რომლებსაც კლინიკური გამოვლინების ნიშნები აღარ აქვთ და ექიმები 14 დღის გასვლას ელოდებიან, რომ კოვიდზე განმეორებითი ტესტი აიღონ.

„სხვა კლინიკიდან გადმოყვანილი მედპერსონალის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, მხოლოდ და მხოლოდ მიდის სიმპტომური მკურნალობა“, – აცხადებს რატიანი.