63 ევროპარლამენტარი ევროკავშირში უნგრეთისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევას მოითხოვს. ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელიც გამოცემა POLITICO-მ მოიპოვა.
დეპუტატები ამ მოწოდებით მიმართავენ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას.
ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ ვიქტორ ორბანმა „ევროკავშირის თავმჯდომარეობის ბოროტად გამოყენების გამო უკვე გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი”.
POLITICO წყაროებზე დაყრდნობით წერს იმასაც, რომ ევროკომისიამ კომისრებს სთხოვა, უნგრეთის თავმჯდომარეობის პერიოდში უნგრეთში დაგეგმილ არაფორმალურ შეხვედრებს არ დაესწრონ.
ევროკომისიას ამით სურს, ბუდაპეშტს გაუგზავნოს გზავნილი, რომ ევროკავშირის თავმჯდომარეობის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება მიუღებელია, – უთხრა მედიას ერთ-ერთმა წყარომ.
უნგრეთმა ევროკავშირში საბჭოს თავმჯდომარეობა როტაციით პირველ ივლისს შეითავსა. მას შემდეგ ორბანა წამოიწყო „სამშვიდობო მისია“ და ეწვია როგორც კიევს, ასევე, მოსკოვს. მისი ვიზიტები არ ყოფილა შეთანხმებული ევროკავშირთან და როგორც ლიდერებმა განაცხადეს, ის იქ EU-ს არ წარმოადგენდა.