საქართველოს ეროვნული კინოცენტრი გათავისუფლებული დირექტორის, გაგა ჩხეიძის ვრცელ განცხადებას ავრცელებს. ჩხეიძე ყვება, მისი შეფასებით, იმ ფრიად არაორდინალურ ურთიერთობაზე, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს შორის არსებობდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
გაგა ჩხეიძე ამბობს, რომ კულტურის სამინისტროში თეა წულუკიანის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას, უარყოფითი დამოკიდებულების გარდა, შეიქმნა გარკვეული ილუზია, რომ „მინისტრის ლეგენდარული ენერგია საშუალებას მისცემდა კინოცენტრს, კინოს სფეროში გაეტარებინა ჭეშმარიტი რეფორმები“.
როგორც ის ამბობს, ყველა ელოდა კინოცენტრის ბიუჯეტის რადიკალურ ზრდას და კინოს ლობირებას ხელისუფლების ყველა რგოლში და მის გარეთ.
„მოხდა სრულიად საწინააღმდეგო რამ: მინისტრმა აღმართა ყრუ კედელი სამინისტროსა და ეროვნულ კინოცენტრს შორის. დაუჯერებელი ამბავია, მაგრამ საქართველოს კულტურის მინისტრი (და არც არცერთი მისი მოადგილე) მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ სწვევიან ეროვნულ კინოცენტრს, რომელიც სამინისტროს გვერდით შენობაშია განთავსებული, არ შეხვედრია მის თანამშრომლებს და ადგილზე არ გაცნობია კინოცენტრში არსებულ სიტუაციას და პრობლემებს“, – ამბობს კინოცენტრის გათავისუფლებული დირექტორი.
გაგა ჩხეიძე წერს, რომ ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა ეროვნული კინოცენტრის და მისი, როგორც ხელმძღვანელის იგნორირება სამინისტროს და მინისტრის მხრიდან.
ჩხეიძის თქმით, ხელშეწყობის, მხარდაჭერის და თანამშრომლობის ნაცვლად მინისტრი ყველანაირად ცდილობდა, დაეკნინებინა ეროვნული კინოცენტრის როლი და ფუნქცია.
„ამ დესტრუქციული ქმედებებით, ჩემი აზრით, ჩრდილი ადგება ქვეყნის იმიჯს და მისი მთავრობის რეპუტაციას. ეჭვქვეშ დგება მინისტრის კომპეტენცია, მართოს ისეთი რთული სფერო, როგორიცაა კულტურა, რამეთუ კულტურა პირველ რიგში გულისხმობს ურთიერთობის კულტურას, და თავად კულტურის პოლიტიკის განხორციელებასაც კულტურა სჭირდება“, – წერს გაგა ჩხეიძე.
გათავისუფლებული დირექტორის განცხადებით, კულტურის სამინისტრო ხშირად ხელს უშლიდა ეროვნულ კინოცენტრს თავისი საქმიანობის განხორციელებაში. გაგა ჩხეიძემ ვრცელ წერილში ხაზი გაუსვა აუდიტის დასკვნაზე, რომელიც სამინისტროსთვის მისი გათავისუფლების საფუძველი გახდა.
„აუდიტის საწინააღმდეგო, რა თქმა უნდა, არაფერი ჰქონია ეროვნულ კინოცენტრს, რადგან შიდა აუდიტის ძირითადი მიზანი შესამოწმებელი ორგანიზაციის საქმიანობის გაუმჯობესებაა. მაგრამ ჩვენს შემთხვევაში შიდა აუდიტის დეპარტამენტის ზეპირი მითითების საფუძველზე იძულებული გავხდი, შემეჩერებინა მიმდინარე კონკურსები“, – წერს კინოცენტრის გათავისუფლებული დირექტორი.
როგორც გაგა ჩხეიძე ამბობს, წულუკიანმა მისგან მოითხოვა მისი ნებისმიერი ტელეგამოსვლის მინისტრთან შეთანხმება.
„…მინისტრმა მოითხოვა ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ანუ ჩემი ნებისმიერი ტელეგამოსვლის მასთან შეთანხმება, და შემდეგ რამდენჯერმე დაბლოკა ჩემი სტუმრობა ტელეგადაცემებში“, – წერს გათავისუფლებული დირექტორი.
გაგა ჩხეიძე ამბობს იმასაც, რომ სამინისტრო კინოცენტრის მაკონტროლებელი ორგანოა. როგორც ის ამბობს, კულტურის მინისტრის უარყოფითი დამოკიდებულება ჩხეიძისადმი შესაძლოა „მსოფლმხედველობა და პოლიტიკური გემოვნება“ იყოს – „ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსმა მითხრა, ისინი ეცნობიან ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტებს და კომენტარებს“, – ამბობს ის.
როგორც ჩხეიძე ვრცელ წერილში აღნიშნავს, მან წულუკიანს გუშინ ოფიციალური წერილით მიმართა, კიდევ ერთხელ დაფიქრდეს და გააუქმოს საკუთარი ბრძანება.
„წინააღმდეგ შემთხვევაში მე მას აუცილებლად გავასაჩივრებ და ნებისმიერ ინსტანციაში დავამტკიცებ საკუთარ სიმართლეს“, – წერს ჩხეიძე.
ეროვნული კინოცენტრის მომავალზე საუბრისას, გათავისუფლებული დირექტორი ამბობს, რომ ახალი დირექტორის არჩევა უნდა მოხდეს დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე, არჩევნების გზით და არა მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით.
ნახეთ ვრცლად კინოცენტრის გათავისუფლებული დირექტორის განცხადება.