ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს საქართველოში დეპორტირებულთა საქმეზე კომპენსაციის გადახდისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა

პუბლიკა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მოსკოვს 2006 წელს რუსეთიდან საქართველოში დეპორტირებულთა საქმეზე კომპენსაციის დაუყოვნებლივი გადახდისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2019 წლის 3-5 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სხვა გადაწყვეტილებებთან ერთად, კიდევ ერთხელ შეაფასა დეპორტირებულების საქმის აღსრულების პროცესი.

მინისტრთა კომიტეტი რუსეთს კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს გადახდისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. კომპენსაცია რუსეთს ჯერ კიდევ 2019 წლის აპრილის ბოლომდე უნდა გადაეხადა.

მინისტრთა კომიტეტმა შეშფოთება გამოხატა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებისა, დაკისრებული თანხა ამ დრომდე არ გადაუხდით.

კომიტეტი აღნიშნავს, რომ კომპენსაციიის თანხის გადაუხდელობა კონვენციის 46-ე მუხლის 1 პუნქტით განსაზღვრულ ვალდებულებებს უგულებელყოფს.

კომიტეტის გადაწყვეტილებით, ამ საკითხს მომდევნო განხილვაზეც – 2020 წლის მარტში დაუბრუნდებიან.