65 მილიონის მითვისება-გაფლანგვის საქმე პროკურატურამ უზენაესში გაასაჩივრა

პუბლიკა

65 მილიონის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, – ამის შესახებ „პუბლიკისთვის” ცნობილი სააპელაციო სასამართლოდან მიღებული ინფორმაციის შედეგად გახდა.

ინფორმაციას ასევე გვიდასტურებენ პროკურატურაში.

საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი „ქართული ოცნების” წევრის, ნინო წილოსანის მამა, ბადრი წილოსანია.

სააპელაციო პალატამ ამ საქმეზე განაჩენი 4 სექტემბერს გამოიტანა და უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გამამართლებელი განაჩენი (საქალაქო სასამართლომ განაჩენი 2023 წლის 6 აპრილს გამოიტანა).

საქმეში ბადრი წილოსანის გარდა, ბრალდებულები იყვნენ: ვლადიმერ აბულაძე (ნინო წილოსანის ყოფილი მეუღლე), მამუკა დოლიძე, ირაკლი ეზუგბაია, დავით ჯინჯოლია, აბელ გიორგობიანი, დავით გელაშვილი და გიორგი ჟღენტი.

სახელმწიფოს კუთვნილი 65 მილიონის ლარის მითვისება-გაფლანგვის საქმე

საუბარია საქმეზე, რომელიც 2013 წელს აღიძრა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად 10 წელი დასჭირდა.

მაშინ განცხადება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა. უწყება აღნიშნავდა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს:

  • შპს „საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების ყოფილი დირექტორი და შპს „ვაგონმშენებელი კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრი დავით ჯინჯოლია;
  • სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მოადგილე აბელ გიორგობიანი;
  • გადაზიდვების მოძრავი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ჟღენტი;
  • შპს „ვაგონმშენებელი კომპანიის“ დამფუძნებელი ბადრი წილოსანი;
  • გენერალური დირექტორი ირაკლი თოდუა;
  • დირექტორები მამუკა დოლიძე და ვლადიმერ აბულაძე
  • ასევე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენერალური დირექტორის ირაკლი ეზუგბაიას მიმართ;

„გამოძიებით დადგინდა რომ „საქართველოს რკინიგზასა“ და „ვაგონმშენებელ კომპანიას“ შორის ვაგონების გარემონტების მიზნით 2008 წლიდან გაფორმდა ხუთი ხელშეკრულება, რომლებშიც საქართველოს რკინიგზამ ერთი სატვირთო ვაგონის შეკეთებისთვის ხელოვნურად გაზრდილი თანხა 39 000 აშშ დოლარი დააფიქსირა, თუმცა რეალურად ერთი ვაგონის შეკეთების საბაზრო ღირებულება 31 000 ლარი იყო. ამ ქმედებით დაკავებულებმა შპს „საქართველოს რკინიგზას“ მიაყენეს 65 მილიონი ლარის ზიანი“, – წერდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

როგორც „ლიბერალზე“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, სასამართლოს 2013 წელს არ დაუკმაყოფილებია პროკურატურის შუამდგომლობა დაკავებული პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეფარდებაზე და დაკავებულები გირაოთი გათავისუფლდნენ (მათ შორის წილოსანის მამა და ყოფილი მეუღლე).

დაცვის მხარის ერთ-ერთი ადვოკატი მედიასთან საუბრისას აცხადებდა, რომ საქმე ბრალდებულების წინააღმდეგ შეკერილი და ფალსიფიცირებულია და რომ მტკიცებულებები მათ წინააღმდეგ არ არსებობს. საქმის შესახებ გაეცანით ვრცლად სტატიას „პუბლიკის” არქივიდან.