გიგა სოფრომაძე, რომელიც თბილისის მერიის შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორის პოსტზე მუშაობდა, სოციალურ ქსელში წერს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ის აქვეყნებს დოკუმენტებს, რომელთაგანაც ირკვევა, რომ სოფრომაძესთან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე კახა კალაძეს საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა მიმართა. მიმართვის საფუძვლად წერია, რომ სოფრომაძის შტატგარეშე პოზიცია საჭირო აღარაა, რადგან ჯანდაცვის ყველა პროგრამას ჰყავს კოორდინატორი.
„ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახრუში დასაქმებულია შტატგარეშე თანამშრომელი გიგა სოფრომაძე. შრომითი ხელშეკრულებით მის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ზემოაღნიშნული სამსახურის შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორის მოვალეობის შესრულება. გამომდინარე იქიდან, რომ სამსახურის მიერ განხორციელებულ ყველა ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამას უკვე ჰყავს თავისი კოორდინატორები, ზემოაღნიშნული შტატგარეშე პოზიციის არსებობა საჭიროებას აღარ წარმოადგენს“, – აღნიშნულია წერილში.
გიგა სოფრომაძის სამსახურიდან გათავისუფლებას ხელს კახა კალაძე აწერს.
„სამსახურიდან გამათავისუფლეს. 8-წლიანი მუშაობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის საქმე, რასაც აქამდე ვაკეთებდი, აღარ ყოფილა საჭირო… არ ვიცი, რა ვთქვა, არ ვიცი მეწყინოს თუ გავბრაზდე, მაგრამ კითხვები მაქვს… რა უნდა მითხრან, რით უნდა დამემუქრონ, რამდენი უნდა გადამიხადონ, რომ არამც თუ ჩემს თანამშრომელზე, არამედ ვინმეზე რამე ზედმეტი დავწერო?! თქვენს, მკადრებლების და მომწონებლების „ღირსებაზე” იყოს“, – დაწერა გიგა სოფრომაძემ.
„პუბლიკა“ დამატებითი შეკითხვებით მერიის პრესსამსახურთან დაკავშირებას ცდილობს.
გიგა სოფრომაძე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა, თავისი პოზიცია საჯაროდ არაერთხელ გამოხატა და შეუერთდა საჯარო მოხელეების საპროტესტო გამოსვლებსაც. სოფრომაძე „ოცნებას“ რუსული კანონის პერიოდშიც აკრიტიკებდა.
მერიის თანამშრომლების კრიტიკული განცხადებების შემდეგ კახა კალაძემ განაცხადა, რომ მათი ეს ქმედება უპასუხოდ არ დარჩებოდა. ამ კონტექსტში ახსენა კალაძემ რეორგანიზაციაც.