თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ ერთი კვირა ან 10 დღე „უნდა დავაკვირდეთ, რა შედეგები ექნება შეზღუდვების მოხსნას, შემდეგ კი უნდა გაიხსნას მოლები, რესტორნები და აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება“, – ამის შესახებ მან „პირველ არხთან“ განაცხადა.
„მხედველობაში მაქვს მეტრო და ავტობუსები, თორემ ყვითელი სამარშრუტო ტაქსები, ჩემი აზრით, კარგა ხანს უნდა დარჩეს შეზღუდული, რადგან იქ ძალიან მცირე სივრცეში ადამიანების ძალიან დიდ რაოდენობას აქვს თავი მოყრილი“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, ჯერ ეტაპობრივად უნდა მოიხსნას შეზღუდვები და უნდა ვნახოთ, რა მოხდება, გამოიწვევს ეს ინფიცირებულთა ზრდას თუ არა და თუ გამოიწვევს – რამდენით?
„თუ გახდება ათზე მეტი, მაგრამ 20-ის ფარგლებში, ეს სავსებით მისაღებია და გაუმკლავდება ჩვენი ჯანდაცვა“, – აცხადებს ცერცვაძე.
ცერცვაძე მიიჩნევს, რომ ამ პერიოდში ავტობუსებსა და მეტროში ერთ გადაყვანაზე 10-15 მგზავრმა უნდა ისარგებლოს. მისი თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ვენტილაციის გამართულ სისტემას ავტობუსებსა და მეტროში, რადგან ეს რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებს.