7-8 სექტემბერს საქართველოს ჯოზეფ ბორელი ეწვევა

პუბლიკა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7-8 სექტემბერს ეწვევა. ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ბორელის პირველი ოფიციალური ვიზიტი ამჟამინდელი უფლებამოსილებით საშუალებას მისცემს განიხილოს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესი, ასევე, გაცვალოს აზრები უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე.

ვიზიტის ფარგლებში მას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. ასევე, ბორელი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს. დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენციაც.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი, ასევე გამოიყენებს შესაძლებლობას, შეხვდეს პარლამენტში მყოფ, ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს და გამართოს დისკუსიები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

„უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ვიზიტის დროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ყოფნის 15 წელს აღნიშნავს, რაც ასახავს ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ. ის მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ორგანიზებულ მისიაში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ“, – აღნიშნულია საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.