„7 მოთხოვნა კულტურის რეფორმისთვის" | დამოუკიდებელი პროფკავშირის მიმართვა მინისტრს

პუბლიკა

„კულტურას სჭირდება რეფორმა!” – ხელოვანთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „გილდია” კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს მიმართავს და იმედს გამოთქვამს, რომ დაიწყება მსჯელობა და მუშაობა კულტურის ინდუსტრიის ძირეულ რეფორმაზე.

„არაერთი კვლევა ცხადყოფს, რომ ხელოვანთა უმრავლესობას მოღვაწეობა და შრომა უწევს უსამართლო გარემოში, სადაც უგულებელყოფილია ადამიანის ძირითადი უფლებები და დარღვეულია დემოკრატიის პრინციპები. სამინისტროს მიერ განსაკარგი ბიუჯეტი არ ნაწილდება გამჭირვალედ და სამართლიანად, ყურადღება არ ექცევა კერძო ინიციატივებს, არ არსებობს ღია და ეფექტური კომუნიკაცია დასაქმებულებსა და სახელმწიფოს წარმომადგენლებს შორის. შესაბამისად, სფერო კრიზისშია, რაც მას მოწყვლადს ხდის როგორც ეკონომიკურად, ისე შემოქმედებითად”, – ნათქვამია მიმართვაში.

„შესაბამისად, ვითხოვთ:

კულტურის სტრატეგია 2025-ითგანსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულებას, შესაბამისად, კულტურის სექტორის იმგვარად მოწყობას, როგორც ეს დეკლარირებული გვაქვს არაერთ სამართლებრივ დოკუმენტში;

სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი – „კულტურის სტრატეგია 2025“  შემუშავდა 2016 წელს, თუმცა სტრატეგიის განმახორციელებელი სამოქმედო გეგმა დამტკიცდა მხოლოდ ერთხელ, 2017-18 წლებისთვის და მას შემდეგ აღარავის გახსენებია, არც პროცესების მონიტორინგისა და  არც შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვის საჭიროება.  დღეს აუცილებელია კვლავ გავიხსენოთ ის, რაზეც 5 წლის წინ შევთანხმდით და აღვასრულოთ თითოეული მნიშვნელოვანი პუნქტი, მათ შორის დავიწყოთ სამუშაო გეგმაზე და მონიტორინგის პროცედურაზე მუშაობა. აუცილებელია, 2021-22 წლების სამოქმედო გეგმის მომზადებისა და შემუშავების პროცესში ფართოდ  ჩაერთონ კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ეს განხორციელდეს საკონსულტაციო ჯგუფის ფორმატში.

კულტურის სფეროში, კერძო ინვესტიციების/ინიციატივების წახალისების მიზნით, სპონსორობის, ფილანთროპიისა და ქველმოქმედების შესახებ კანონის დაუყოვნებლივ მიღებას;

საქართველოში კულტურა ფინანსდება, ძირითადად სახელმწიფო რესურსებით, რაც არც საკმარისია და არც ეფექტური. ეს ასევე, განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს არასაჯარო კულტურული ცენტრების, დამოუკიდებელი თეატრებისა და სხვა კულტურული დაწესებულებების განვითარებასა თუ კონკურენტუნარიანობაზე. საქართველოში არ არსებობს არც სპონსორობის მარეგულირებელი და არც ზოგადი სამართლებრივი ჩარჩოს დამდგენი კანონი. გარდა ამისა, კულტურული დაწესებულებებისა და კულტურის სფეროში დასაქმებულებისთვის არ არსებობს,  არც საგადასახადო სტიმულები და არც დაბეგვრის შეღავათიანი პირობები.

აუცილებელია:

– კულტურის სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, უნდა დაიწყოს მუშაობა, ერთი მხრივ, კულტურის სფეროში მოქმედი იურიდიული პირებისთვის, ხოლო, მეორე მხრივ, ამავე სფეროს დამფინანსებელი კერძო წყაროებისთვის დაბეგვრის შეღავათიანი პირობების შესამუშავებლად.

– კულტურის სამინისტრომ დაიწყოს მუშაობა „სპონსორობისა და კულტურის შემოწირულობების შესახებ“ კანონის პროექტზე და დროულად უზრუნველყოს კანონის მიღება „ფილანთროპიისა და ქველმოქმედების შესახებ“.

კულტურის დაფინანსების წესის რეფორმის პროცესი უნდა გახდეს გამჭირვალე და რესურსები უნდა გადანაწილდეს სამართლიანად;

დღემდე საქართველოში კულტურის სფეროზე გამოყოფილი სუბსიდიის დიდი ნაწილი ყოველგვარი კონტროლის, გამჭირვალობისა და ჩართულობის გარეშე ნაწილდება. სახელმწიფო ორგანიზაციებზე გაცემული დაფინანსება, ძირითადად ინერციულია და არ ეფუძნება ყოველწლიურად შედეგების შეფასების პროცესს. ამასთანავე ძირითადად, აღნიშნული საჯარო დაფინანსება არ არის ხელმისაწვდომი კულტურის არასაჯარო სფეროში მოღვაწეთათვის. არ არსებობს სპეციალური კანონმდებლობა კულტურის პროექტების და/ან პროგრამების დაფინანსებისთვის.

უნდა შეიქმნას პროექტებსა და პროგრამებზე დაფუძნებული აქტივობების დაფინანსების სპეციალური სისტემა, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული პოლიტიკური და ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მიღებაზე (დისტანცირებულობის პრინციპის გამოყენებით) და სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისგან განსხვავებული, ერთგვაროვანი კანონმდებლობა არასაჯარო  კულტურის სფეროს, მობილობისა და სპეციალური პროექტების/პროგრამების დაფინანსებისთვის.

აუცილებელია, ამ სფეროში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციების, დასაქმებულებისა და სფეროს სპეციალისტების ჩართულობით შეიქმნას დამოუკიდებელი ფონდი და განაცხადების მიღების ღია საკონკურსო პლატფორმა.

კულტურის სფეროში დასაქმებულთა სოციალური და შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველყოფას;

არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კულტურის სფეროში დასაქმებულთა მინიმალური ხელფასი მერყეობს 150 ლარიდან 300 ლარამდე, რაც ეწინააღმდეგება თავად „კულტურის შესახებ“ კანონს  და წარმოშობს კულტურის სფეროში დასაქმებულებისთვის მინიმალური ხელფასის განსაზღვრის აუცილებლობას. კულტურის სამინისტრომ, კულტურის სფეროში დასაქმებული ადამიანების მინიმალური სოციალური უფლებების გარანტირების მიზნით, უნდა დაიწყოს მუშაობა კულტურის სფეროში დასაქმებულთა მინიმალური ხელფასის განსაზღვრის წესზე. მინიმალური ხელფასის გამოთვლის მეთოდოლოგიის შემუშავების პროცესში, სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მოსაზრებებთან ერთად, გათვალისწინებული უნდა იყოს  საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები.

სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელობის მოდელის რეფორმასა და არჩევნების წესის ცვლილებას;

„პროფესიული თეატრების შესახებ“ კანონი არ ადგენს სსიპ-ის ფორმით არსებული სახელმწიფო თეატრების, ხელმძღვანელი თანამდებობის პირის უფლება-მოვალეობების მკაცრ ჩარჩოს, ნორმატიულ დონეზე პრაქტიკულად უგულებელყოფილია ე.წ. „შეკავებისა და კონტროლის“ პრინციპი. ფაქტობრივად, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ხელშია თავმოყრილი, როგორც თეატრის რეპერტუარის განსაზღვრის ე.ი. შემოქმედებითი, ისე ფინანსური და მენეჯერული უფლებამოსილებები. აღნიშნული ქმნის მოცემულობას, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი პრაქტიკულად ფლობს უკონტროლო ძალაუფლებას. ამ თვალსაზრისით, პრობლემურია ისიც, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი კი არ აირჩევა, არამედ თანამდებობაზე ინიშნება კულტურაზე ზედამხედველი სახელმწიფო ორგანოს მიერ.

შესაბამისად, აუცილებელია:

– კულტურის სამინისტრომ მოამზადოს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიზანი იქნება სახელმწიფო თეატრების მართვის არსებული მოდელის რეფორმა, სამხატვრო ხელმძღვანელის შემოქმედებითი, მენეჯერული და ფინანსური უფლებამოსილებების განაწილება, აგრეთვე, სამხატვრო ხელმძღვანელის შიდა მაკონტროლებელი ორგანოს შექმნა და  სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის, დემოკრატიული წესით, არჩევითად გარდაქმნა.

ვითხოვთ, სახელმწიფომ, კერძო სექტორთან და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, განავითაროს პროგრამები, რომლებიც მიმართული იქნება უფუნქციო ინფრასტრუქტურის შემოქმედებით ჰაბებად გარდაქმნაზე;

საქართველოში, როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ისე მუნიციპალურ ბალანსზე (მათ შორის სოფლად) ისახება მრავალი ინფრასტრუქტურული აქტივი (ხშირად, საბჭოთა პერიოდის უფუნქციო ქარხნები და საწარმო დანიშნულების სივრცეები). საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ შესაძლებელია აღნიშნული ტიპის სივრცეების ტრანსფორმირება კულტურული დანიშნულებით (ე.წ. შემოქმედებითი კლასტერების სახით), რაც დადებითად აისახება ქვეყნის კულტურულ, სოციალურ და ურბანულ განვითარებაზე. აღნიშნული პროცესის თანამიმდევრულად წარმართვა შედეგად გამოიღებს თვითმყოფადი კულტურის კერების არსებობას.

სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, სფეროს წარმომადგენელთა ფართო ჩართულობა, პრობლემების იდენტიფიცირების დემოკრატიული პროცედურის შემუშავება და განხორციელება;

კულტურის სამინისტროს შიგნით არ არსებობს საკონსულტაციო ჯგუფი, სათათბირო ორგანო ან თანამშრომლობის რაიმე ქმედითი ფორმატი, რომლის მეშვეობითაც სამინისტრო, დემოკრატიული ჩართულობით, შეძლებს კულტურის სფეროსთვის სტრატეგიული საკითხების განხილვა-შეთანხმებას. ამიტომ აუცილებელია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში არსებობდეს შემოქმედებითი ინდუსტრიების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან შემდგარი საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის წევრ(ებ)ის ინიციატივების/წინადადებების ჯეროვანი განხილვა, კულტურის პოლიტიკისთვის სტრატეგიულ საკითხებზე, სავალდებულო იქნება კულტურის მინისტრისთვის. ეს მოთხოვნა ეხება როგორც პანდემიურ, ისე პოსტპანდემიურ პერიოდს”, – ნათქვამია მიმართვაში.