„7 ოქტომბერს ვიკრიბებით, ვიმსჯელებთ მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაზე" - მელია სხვა პლატფორმიდან ბრძოლას არ გამორიცხავს

პუბლიკა

„7 ოქტომბერს, 2 საათზე თბილისში ვიკრიბებით თანამოაზრეები მთელი ქვეყნიდან და უბრალოდ ვიმსჯელებთ მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ეს არ ნიშნავს, რომ იმ დღეს ჩვენ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ…”, – განაცხადა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „მთავარი არხის” ეთერში.

ჟურნალისტის რეპლიკაზე: უნდა გადაწყვიტოთ, ერთად რჩებით თუ გაიყოფით? მელია პასუხობს: დიახაც.

მან ასევე დასძინა, რომ „დღეს ორი ბირთვი, პრაქტიკულად, დაშორიშორებულია“ და „როდესაც წყვილი ბედნიერი არ არის, შესაძლებელია განშორება სჯობდეს. იმიტომ, რომ შეუძლებელია, ოჯახში იყო და გამუდმებით ჩხუბობდე”.

„ამიტომ, მე არ გამოვრიცხავ, რომ სხვა პლატფორმიდან მოგვიწიოს ბრძოლა. ეს არაა არც ჩემი, არც 10-20-30 ადამიანი გადასაწყვეტის. ვთანხმდებით, რომ ერთ ორბიტაზე საერთო მიზნის გარშემო აუცილებლად ვიქნებით”, – განაცხადა მელიამ.

მას შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე დეტალები აღარ აღუნიშნავს, მხოლოდ აღნიშნა ის, რომ პარტიაში მძიმე რეალობაა. რაც შეეხება ერთობას, მისი თქმით, საერთო სტრატეგიული მიზნის გარშემო ერთობაა მნიშვნელოვანი, რისთვისაც ყველაფერს გააკეთებს.

„ძალიან განსხვავებული რეალობაა ოპოზიციაშიც. მათ შორის ჩვენთან პარტიაში არის მძიმე რეალობა, მაგრამ… ვხედავ გამოსავალს ერთობაში, მაგრამ ეს ერთობა არ შეიძლება აღქმული იყოს ერთ საარჩევნო სიაში ან ერთ პარტიულ სტრუქტურაში… საერთო სტრატეგიული მიზნის გარშემო ერთობა ჩემთვის არის ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამისთვის ყველაფერს გავაკებ მეც და ყველა ადამიანი.

[ენმ-ში] ფუნდამენტური განსხვავებებია დამოკიდებულებებში, ბევრ საკითხთან დაკავშირებით არის დრამატული, კონტრასტული სხვაობა, რამაც გამოიწვია ღრმა ჭრილობა. ჭრილობა, რომელიც შესაძლოა მოუშუშებელი, შეუხორცებელი აღმოჩნდეს. იარა კი არა, ჭრილობაა.

თუ დავრწმუნდი, რომ ერთად ბროლის, ერთი პარტიული ნომრის ქვეშ არის შეუძლებელი, ძალას ვიპოვით ჩვენს თავში, რომ სხვადასხვა პლატფორმით ვებრძოლოთ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ ხელისუფლებას. ამ წუთას მე ნამდვილად მიჭირს ამის თამამად თქმა, რომ ჩვენ ამას შევძლებთ…”, – განაცხადა მელიამ.