7 წლის წინ საქართველოში დატვირთული გემის ბეირუთის ტრაგედიასთან დაკავშირება უსაფუძვლოა - თურნავა

პუბლიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ბეირუთში მომხდარი ტრაგედიის და 7 წლის წინ საქართველოში დატვირთული გემის ერთმანეთთან დაკავშირება უსაფუძვლოა.

„ამონიუმის გვარჯილა არის აზოტოვანი სასუქი, რომელსაც წლებია, უკვე საქართველოც აწარმოებს და ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია, რომელიც გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, მაგრამ რა თქმა უნდა, თუ მისი მოხმარების და შენახვის ტექნოლოგია დაცული არაა, შეიძლება, სავალალო შედეგები მივიღოთ.

საუბარია, რომ 2013 წელს მოხდა ამ გემის დატვირთვა ამ პროდუქციით ერთ-ერთ ჩვენს პორტში, ყველა ნორმის დაცვით. ეს იყო 7 წლის წინ და ამ პერიოდის განმავლობაში ვინ შეიძინა, რა ტექნიკური გაუმართაობა ჰქონდა გემს, რა პირობებში იყო ეს საქონელი შენახული და ასე შემდეგ, ამაზე ექსპორტიორი ქვეყანა ვერ აგებს პასუხს.

მცდელობა, რომ ეს სავალალო ფაქტი, რის გამოც ჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ და 7 წლის წინ ჩვენთან დატვირთული გემი დავაკავშიროთ ერთმანეთთან, არის უსაფუძვლო“,– აღნიშნა თურნავამ.


ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადება „რუსთავის აზოტმა“ გაავრცელა.

„სს „რუსთავის აზოტი“ ქარხნის ოპერირებას აწარმოებს ბოლო 3 წელია. მოკლებული ვართ შესაძლებლობას, მივიღოთ დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, ქალაქ ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატი ნამდვილად იყო თუ არა 2013 წელს საქართველოში, კერძოდ კი რუსთავში ნაწარმოები.“ – წერია „რუსთავის აზოტის“ განცხადებაში.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მძლავრი აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. BBC-ის ბოლო მონაცემებით დაღუპულია 135 და დაშავებულია 4000-მდე ადამიანი.