71 წლის სერბი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი კორონავირუსით გარდაიცვალა

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 71 წლის ეპისკოპოსი მილუტინ კნეზევიჩი კორონავირუსული ინფექციის შედეგად გარდაიცვალა. ეპისკოპოსს, ისევე როგორც ორ სხვა სასულიერო პირს კორონავირუსი ერთი კვირის წინ დაუდგინდათ. ეპისკოპოსი მილუტინი ბელგრადის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მისმა ეპარქიამ დამატებითი განმარტებების გარეშე გაავრცელა.

ეპისკოპოსი მილუტინი ამ დროისთვის პირველი მართლმადიდებელი ეპისკოპოსია, რომელიც კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა.

სერბეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მარტის დასაწყისში გამოაცხადა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ირინეოსმა მორწმუნეთათვის  ღვთისმსახურებებზე დასწრება შეაჩერა და ერისკაცებს მოუწოდა ლიტურგიებისთვის თვალი ტელევიზიის საშუალებით ედევნებინათ.

თუმცა, სერბეთის ეკლესიამ ერთი კოვზით ზიარების წესი არ შეცვალა და ლიტურგიის აღსრულებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში მაინც აგრძელებდა.

დღეის ჩათვლით სერბეთში კორონავირუსის შედეგად 13 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო დადასტურებულია ინფიცირების 741 შემთხვევა.

 

წყარო: New York Times