77-ე სკოლაში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე მანდატურის სამსახური განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

მანდატურის სამსახური თბილისის 77-ე საჯარო სკოლაში მომხდართან დაკავშირებით განმარტავს, რომ 20 დეკემბერს ორ მე-11-კლასელ ბიჭს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, „საიდუმლო სანტას“ საჩუქართან დაკავშირებით. შესვენებაზე სკოლის საპირფარეშოში შელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც ერთ-ერთ მოსწავლეს თვალის არე დაუზიანდა.

მანდატურის სამსახური განმარტავს, რომ უსაფრთხოების წესის თანახმად, სასკოლო საპირფარეშოებში ვიდეოსამეთვალყურეო კამერები დამონტაჟებული არ არის. როგორც კი მანდატურისთვის მომხდარი ინციდენტის შესახებ გახდა ცნობილი, ის მყისიერად მივიდა შემთხვევის ადგილზე და კონფლიქტი შეაჩერა.

„ფაქტის შესახებ მანდატურმა აცნობა სკოლის დირექციას და მოსწავლეთა მშობლებს. დაზარალებულ მოსწავლეს, რომელსაც აღენიშნებოდა სილურჯე თვალის არეში, პირველადი სამედიცინო დახმარება სკოლის ექიმმა აღმოუჩინა. კონფლიქტში მონაწილე მოსწავლეებს ჩაუტარდათ უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება, რა დროსაც მათ რაიმე სახის აკრძალული ნივთი არ აღმოაჩნდათ“, – განმარტავენ მანდატურის სამსახურში.

მათივე ცნობით, ვინაიდან კონფლიქტის დროს მოსწავლემ ფიზიკური დაზიანება მიიღო, მანდატურმა, უსაფრთხოების წესის თანახმად, მომხდარის შესახებ აცნობა პოლიციას. დაზარალებული მოსწავლე, რომელსაც დაზიანება თვალის არეში აღენიშნებოდა, დამატებითი გამოკვლევისთვის გადაიყვანეს კლინიკაში. ის ამჟამად უკვე შინ იმყოფება. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

77-ე საჯარო სკოლაში მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია ტელეკომპანია „მთავარმა“ გაავრცელა. მოსწავლეებისა და სკოლის დამლაგებლის მონათხრობზე დაყრდნობით მომზადებულ სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ მოსწავლეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება  ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ერთ-ერთი დაშავებული მოსწავლე მძიმე დაზიანებით „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს.

„პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, რომ „ნიუ ჰოსპიტალში“ შეყვანილ მოზარდთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

„პუბლიკა“ სკოლის დირექტორს, ნანა ხიდეშელს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ სკოლაში მომხდართან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებს.