8 ბრალდებულმა და მათმა ადვოკატებმა სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

პუბლიკა

საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული 8 ადამიანის ადვოკატებმა სხდომა დატოვეს — მათ ასე გააპროტესტეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის გადაწყვეტილება, არ შეეცვალა სხდომათა დარბაზი, რომელიც პატარაა და პროცესზე დასწრების მსურველთა დიდ ნაწილს ვერ იტევს. ადვოკატებმა თქვეს, რომ დარბაზს ტოვებენ „არაადამიანური მოპყრობის გამო”.

პროცესს არ ესწრებიან ბრალდებულებიც.

სასამართლოს დერეფნებში შეკრებილები სკანდირებდნენ: „მოსამართლე მონა”, „მონებო”, „რუსებო”, „რევოლუცია”, „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”, „ყველგან პოლიცია, არსად სამართალი”.

ახლა სასამართლო დარბაზში მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე და პროკურორები არიან, თუმცა, თავად პროცესი შეჩერებულია.

მოსამართლე თქვა, რომ მან უნდა გააგრძელოს აღკვეთის საკითხის გამხილვა.

იმის გამო, რომ 4 ბრალდებული: ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გორაძე, ზვიად ცეცხლაძე და ნიკოლოზ ჯავახიშვილი 21 წლამდე ასაკისაა, მათ საზოგადოებრივი (სახელმწიფო) ადვოკატი უნდა დაენიშნოთ.

პროკურატურის ცნობით, მათ ჯამში 5 ბრალდებულისთვის მოითხოვეს საზოგადოებრივი ადვოკატი: 4 21 წლამდე პირისთვის და ინსაფ ალიევისთვის, რომელიც არაქართულენოვანია.

სხდომა არ ეტაპზე ამ მიზეზით არის შეჩერებული.

ადვოკატებმა ხაზი გაუსვეს, რომ მათ უარი არ უთქვამთ დაკავებულების დაცვაზე და დღესვე დაესწრებიან პროტესტს, იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე სხდომათა დარბაზს შეცვლის.

შესაბამისი განცხადებით მათ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიასაც მიმართეს.

თბილისის საქალაქო სასამართლო საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული 8 ადამიანის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს განიხილავს.

განიხილება ვეფხია კასრაძის, ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის საქმეები.

ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა სწორედ ირაკლი ხუსკივაძემ შეუფარდა.

სხდომის დატოვებამდე ადვოკატებმა მოითხოვეს როგორც ირაკლი ხუსკივაძის აცილება, ისე სხდომის დიდ დარბაზში გადატანა.

ვეფხია კასრაძის ადვოკატის, კახა კოჟორიძის განცხადებით, კასრაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებული პატიმრობა იყო დაუსაბუთებელი, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა ამ პატიმრობის სამართლებრივი საფუძველი და არგუმენტი. კოჟორიძის თქმით, ეს ქმნის ეჭვს, რომ მოსამართლე არ არის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი და რომ ის დღესაც ვერ მიიღებს მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას.

თუმცა, ირაკლი ხუსკივაძემ არ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა – მისი თქმით, „მოსამართლის აცილების შუამდგომლიბა არის დაუსაბუთებელი, უასაფუძვლო”.

ხუსკივაძემ ასევე არ დააკმაყოფილა თხოვნა, გადაეტანათ სხდომა დიდ დარბაზში, რათა ყველა მსურველს შეძლებოდა სხდომაზე დასწრება.

უჰაერობის გამო შეუძლოდ გახდა ერთ-ერთი დაკავებული, ირაკლი მიმინოშვილი. გამოიძახეს სასწრაფო. ადვოკატ დავით ჭიკაიძის თქმით, მიმინოშვილის ცუდად გახდომის მიზეზი უჰაერობა გახდა. თუმცა, მოსამართლემ ეს არგუმენტად არ მიიჩნია.

ვეფხია კასრაძემ სხდომაზე თქვა:

„მინდა, ყველა დაესწროს. შვილები და ახლობლები დავინახოთ, მგონი, ამის უფლება გვაქვს. თუ არადა, მაინც ფარსი და შოუა ყველაფერი და არ გვინდა, საერთოდ დავტოვებ სხდომას, არ მივიღებ მონაწილეობას”.

ირაკლი ხუსკივაძემ არაფერი გაითვალისწინა.

სწორედ ამის შემდეგ დატოვეს დარბაზი ადვოკატებმა და დაკავებულების ახლობლებმა. დარბაზიდან გაიყვანეს თავად ბრალდებულებიც.


8 ბრალდებულიდან სამს: ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ბრალად ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხუთს: გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ბრალად ედებათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.