8-დღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს „ბათუმელების“ ოპერატორი, გურამ მურვანიძე

პუბლიკა

„ბათუმელების“ ცნობით, დღეს, 20 იანვარს, ფოთის იზოლატორიდან გაათავისუფლეს მათი ოპერატორი გურამ მურვანიძე, რომელსაც 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

ადვოკატ მირზა მამულაძის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (კანონიერი ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით. ოპერატორი 12 იანვარს გამართულ აქციაზე დააკავეს.

„ბათუმელების“ ცნობით, მათ მიერ გადაღებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ დაკავების პროცესში გურამ მურვანიძე კადრებს იღებდა, რა დროსაც მასთან მივიდა ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე.

„როგორც მოგვიანებით გურამ მურვანიძემ ადვოკატს განუცხადა, მან ირაკლი დგებუაძეს განუმარტა, რომ იყო „ბათუმელების“ ოპერატორი და ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას, თუმცა ამის მიუხედავად, გურამ მურვანიძე პოლიციამ ირაკლი დგებუაძის მითითებით დააკავა.

კადრებში ასევე ჩანს, რომ დაკავების დროს გურამ მურვანიძეს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია”, – წერს გამოცემა.

პატიმრობაშია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლი, მზია ამაღლობელი. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

2024 წლის 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა, პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა და მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. წინასასამართლო სხდომის თარიღად 4 მარტი, 11:00 საათი განისაზღვრა. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, მზია ამაღლობელის პატიმრობა და მისი სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონოა და ატარებს პოლიტიკური რეპრესიის სახეს.