ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე აქტიურად მომუშავე 8 დეპუტატი ავრცელებს განცხადებას ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენზე. ევროპარლამენტარები მმართველ პარტიას აკრიტიკებენ.
„მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მასთან დაკავშირებული პირების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, წარმოადგენს საქართველოში კანონის უზენაესობის გაუარესების გაგრძელებას. ეს გადაწყვეტილება სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს, რომელიც მოითხოვს დემოკრატიული ღირებულებების, მათ შორის მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ერთგულებას.
სამწუხაროდ, სასამართლოს საეჭვო გადაწყვეტილება ეხმიანება კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ დევნის, დაშინებისა და მათზე ფიზიკური თავდასხმის ფართოდ გავრცელებულ ძირითად ხაზს. ბევრმა ჩვენგანმა ერთხელ უკვე ხმა აიმაღლა ბატონ გვარამიაზე არაეთიკური თავდასხმის წინააღმდეგ, როდესაც საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსანმა პარლამენტის ტრიბუნიდან ბ-ნი გვარამიას პირადი მონაცემები გაასაჯაროვა. მაშინ ჩვენს დასაბუთებულ შეშფოთებას მმართველი პარტიის წარმომადგენლები საპირისპირო შეკითხვებით პასუხობდნენ.
საქართველოს სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება არის დიდი ხნით გაჭიანურებული სასამართლო რეფორმის შედეგი. ვალდებულება, რომელიც საქართველოს მთავრობამ 19 აპრილის შეთანხმებით აიღო, მაგრამ არასოდეს შეუსრულებია. შერჩევითი სამართალი და დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაუარესება გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის მის ევროპულ არჩევანს გახდეს კანდიდატი და საბოლოოდ ევროკავშირის წევრი. ეს სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რაც საქართველოს ხალხს სურს და იმსახურებს“, – აცხადებენ ევროპარლამენტარები.
განცხადებას ხელს აწერენ:
- პეტრას აუსტრევიჩიუსი (განახლებული ევროპა, ლიეტუვა),
- ანდრიუს კუბილიუსი (ევროპის სახალხო პარტი),
- მარკეტა გრეგოროვა (მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი, ჩეხეთის რესპუბლიკა),
- ვიოლა ფონ კრამონი (მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი, გერმანია)
- მიხაელ გალერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია)
- ანა ფოტიგა (ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები)
- რაფაელ გლუკსმანი (სოციალ-დემოკრატები)
- სვენ მიკსერი (სოციალ-დემოკრატები)