8 მარტის შეთანხმების შესრულების პროცესს კვლავ დავაკვირდებით - ფასილიტატორები

პუბლიკა

საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლები, ვინც ფასილიტაციას უწევდნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებს, საქართველოს პარლამენტს ულოცავენ  საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, “რომლებიც მიზნად ისახავს პარლამენტში პლურალიზმის გაზრდასა და უფრო ფართო წარმომადგენლობას საკანონმდებლო ორგანოში”.

“ვაღიარებთ, რომ ეს ცვლილებები ასახავს იმ კომპრომისებს, რომელთა მისაღწევად საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს სირთულეების გადალახვა დასჭირდათ და მივესალმებით მათ, ვინც უზრუნველყო ამ ცვლილებების წარმატებით დასრულება. ვწუხვართ, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული განსხვავებული დამოკიდებულების გამო, ზოგიერთმა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა [კენჭისყრაში]”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

ფასილიტატორები მოუწოდებენ ყველა მხარეს, ჩაერთონ ეუთო/ოდირის საარჩევნო რეფორმების რეკომენდაციების მიღებასა და შესრულებაში. “ეს უაღრესად საჭირო რეფორმები ხელს შეუწყობს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს შექმნას, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ საარჩევნო ყუთებთან ხმის თავისუფლად მიცემას”.

მათი განცხადებით – “8 მარტის შეთანხმების ვალდებულებების შესრულება, რაც გულისხმობს ისეთი ქმედებების მოგვარებას, რაც შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც სასამართლოსა და საარჩევნო პროცესების უმართებულო პოლიტიზაცია, კვლავაც გადამწყვეტია ქვეყანაში გამართული დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მისაღწევად, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ ვალდებულებების შესრულებაზე დაკვირვებას, განსაკუთრებით, ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდში.

დაბოლოს, გვსურს, ყველა მხარემ პატივი სცეს ჩვენს, როგორც ამ პროცესში ჩართული ფასილიტატორების როლსა და კეთილსინდისიერებას”. – ვკითხოლობთ განცხადებაში.