შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში 6-7 თებერვლის ე.წ. დაუმორჩილებლობის აქციაზე, გადაადგილების შეზღუდვის დარღვევის ფაქტზე, 51 პირის იდენტიფიცირება მოხდა.
როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მათგან 8 პირი 2 000-2 000 ლარით დაჯარიმდა.
24 პირზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება/მოკვლევა. „პუბლიკას“ შსს-ში უთხრეს, რომ მათთან დაკავშირებით მონაცემებს აზუსტებენ.
რაც შეეხება დანარჩენ 19-ს, უწყებაში აცხადებენ, რომ მათ განმეორებით დაარღვიეს გადაადგილების შეზღუდვა და ამის გამო მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის წესით დაიწყო გამოძიება, სსკ-ის 248 პრიმა მუხლით.
აღნიშნული მუხლი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.