„არა რუსულ რეჟიმს, დაიცავი უვიზო" — 8 პარტია 13 სექტემბერს მსვლელობას აანონსებს 

პუბლიკა

„არა რუსულ რეჟიმს, დაიცავი უვიზო” — 8 პარტია 13 სექტემბერს, 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსთან შეკრებას და პარლამენტისკენ მსვლელობას აანონსებს.

მათ განცხადებაში ნათქვამია:

„31 აგვისტოს იწურება ევროკავშირის მიერ ივანიშვილის რეჟიმისთვის მიცემული ვადა ევროპაში უვიზო მიმოსვლის გადასარჩენად. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ვადაში ივანიშვილმა არათუ შემხვედრი ნაბიჯები გადადგა, არამედ კიდევ უფრო დაგვაშორა ევროპას და ასეც გააგრძელებს, სანამ ქართველი ხალხი არ მოვიკრებთ საკმარის ძალას რეჟიმის დასასრულებლად, რომლის რუსული ბუნებაც თვისებრივად შეუთავსებელია საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალთან და შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების იდეასთან.

მოგმართავთ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, ვისთვისაც საქართველოს მოქალაქეობა, ქართული პასპორტი და ქართული ოჯახის კეთილდღეობა ძვირფასია და ვინც პატივს სცემთ საქართველოს მოქალაქეების უფლებას ისწრაფოდნენ ბედნიერებისკენ, 13 სექტემბერს შევიკრიბოთ ძალიან ბევრნი იმის სადემონსტრაციოდ, რომ ივანიშვილის ბოროტმოქმედთა ბანდფორმირება საქართველოს და ქართველ ხალხს არ წარმოადგენს.

ამავდროულად, მოგმართავთ ყველა ოპოზიციურ პარტიას და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ვისაც რეალურად აღელვებს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი: ხელი აიღეთ რეჟიმის თანამზრახველობაზე ქართველი ხალხის მოტყუებაში, არ დაუშვათ შეცდომა, რომელიც დანაშაულზე უარესია, უარი თქვით 4 ოქტომბრის სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე და დაუბრუნდით ერთობის თანმიმდევრულ გზას – პროტესტს და რეჟიმის მორალურ და პოლიტიკურ იზოლაციას მის დემონტაჟამდე – რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც საქართველოს და ქართულ ოჯახებს სამშვიდობოს გავიყვანთ თქვენთან ერთად, ან თქვენ გარეშე!

ვიკრიბებით 13 სექტემბერს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საპროტესტო მსვლელობას გავმართავთ პარლამენტამდე. ჩვენ ბევრნი ვართ და ვიბრძვით გამარჯვებამდე!”


ევროკომისია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას განიხილავს და მიზეზად დემოკრატიის „სერიოზული უკუსვლას“ ასახელებს. იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაცია არ შეჩერდეს, ევროკომისიამ „ქართულ ოცნებას” რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა და შესრულების ვადად აგვისტოს ბოლო დაასახელა.

რეკომენდაციებით მოთხოვნილია, დაცული იყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.

ასევე, მოთხოვნილია ნებისმიერი იმ კანონმდებლობის გაუქმება, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს, არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, წერილში აღნიშნულია პირველი რუსული კანონი და ჰომოფობიური კანონი.

წერილში ხაზგასმულია, რომ უნდა გადაიხედოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა,

ევროკავშირი „ოცნებისგან“ მოითხოვს, მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია, ასევე, ცვლილებები შეიტანოს კანონში ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ და გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ამ მიმართულებით. ასევე, ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოს შეუსაბამოს კანონი პერსონალური მონაცემების შესახებ.

ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრება.

„ქართული ოცების“ მთავრობამ რეკომენდაციების საპასუხოდ კვლავ პროპაგანდისტული და ჰომოფობიური გზავნილები გაავრცელა და განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის სანაცვლოდ დასავლეთი „ლგბტ ქორწინების დაკანონებას ითხოვს”.

„ოცნება“ ევროკავშირის მხრიდან სავიზო ლიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების შესახებ განცხადებებს „შანტაჟად“ აფასებს.