8 პროდასავლური ოპოზიციური პარტია ეხმაურება BBC-ის გამოძიებას, რომლის თანახმადაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი გამოიყენეს. ის წყლის ჭავლში იყო შერეული.
პარტიები მოუწოდებენ საერთაშორისო ინსტიტუტებს, ჩაატარონ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება, რათა დადგინდეს ფაქტობრივი გარემოებები, პასუხიმგებელ პირთა ვინაობა და აღიკვეთოს მსგავსი ნივთიერებების შემდგომი გამოყენება.
„ბიბისის მიერ ჩატარებულმა ბოლო გამოძიებამ წარმოადგინა სერიოზული მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს მშვიდობიანი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევისას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა.
დადასტურების შემთხვევაში, ეს ფაქტი წარმოადგენს საერთაშორისო ნორმების, ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებებისა და საქართველოს საერთაშორისო კონვენციებისადმი ერთგულების უმძიმეს დარღვევას.
ქვეყანაში, სადაც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ერთ ადამიანს ემორჩილება, მიუკერძოებელი შიდა გამოძიება ვერ ჩატარდება. რასაკვირველია, ავტორიტარული, არალეგიტიმური ხელისუფლება გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი მოიწვევას არ გეგმავს – მაშინ, როცა მსგავსი ბრალდების პირობებში, ნებისმიერი ანგარიშვალდებული ხელისუფლება სწორედ ასე მოიქცეოდა.
ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები, მოვუწოდებთ სანდო საერთაშორისო ინსტიტუტებს, ჩაატარონ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება, რათა დადგინდეს ფაქტობრივი გარემოებები, პასუხიმგებელ პირთა ვინაობა და აღიკვეთოს მსგავსი ნივთიერებების შემდგომი გამოყენება.
დემოკრატიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით, ჩვენ უკვე ვაგროვებთ და ვამუშავებთ ყველა შესაბამის ინფორმაციას, რომელიც საერთაშორისო ინსტიტუტებს გადაეგზავნება.
ჩვენი საერთო მიზანი ნათელია: რეჟიმის ცვლილებამდე აიცილოს თავიდან ამგვარი ნივთიერებების ნებისმიერი შემდგომი გამოყენება, იმ შემთხვევაში, თუ ბიბისის გამოძიების დასკვნები დამოუკიდებლად დადასტურდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ პარტიები:
- ახალი;
- გირჩი – მეტი თავისუფლება;
- დროა;
- ევროპული საქართველო;
- ედპ;
- თავისუფლების მოედანი;
- სტრატეგია აღმაშენებელი;
- ფედერალისტები
BBC-ის გამოძიების თანახმად, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი გამოიყენეს. ის წყლის ჭავლში იყო შერეული.
BBC ესაუბრა ქიმიური იარაღის ექსპერტებს, ექიმებს, ასევე ინფორმატორებს საქართველოს სპეცრაზმიდან და განაცხადა, რომ მტკიცებულებებით დასტურდება იმ ქიმიური აგენტის გამოყენება, რომელსაც ფრანგმა სამხედროებმა „კამიტე“ უწოდეს.
პირველი მსოფლიო ომის დროს „კამიტე“ საფრანგეთმა გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. მისი შემდგომი გამოყენების შესახებ დოკუმენტაცია ძალზე მწირია, თუმცა მიიჩნევა, რომ ის 1930-იან წლებში ამოიღეს მოხმარებიდან, ვინაიდან მისი მოქმედების ხანგრძლივი ეფექტი შემაშფოთებელი იყო და ჩაანაცვლეს CS გაზით, იგივე ცრემლსადენი გაზით.
საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილი, რომლებიც ქართული სპეცრაზმის მიერ გამოყენებულ წყლის ჭავლში მოჰყვნენ, საუბრობდნენ სიმპტომებზე, რომლებიც ხანგრძლივად, ზოგიერთის შემთხვევაში რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდა: თავის ტკივილი, ენერგიის ნაკლებობა, წვა, სუნთქვის გაძნელება და გულისრევა.