8 პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ნაწილს - 2.5 წლით, ნაწილს კი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

პუბლიკა

აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 8 პირის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მათ ბრალი გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

სამ მათგანს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა; პროკურატურა სამივეს 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას სდებდა ბრალად.

დანარჩენ 5 ბრალდებულს: ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გორგაძეს, თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევსა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამ პირებს პროკურატურა 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.

მათი პატიმრობის ვადა დაკავების მომენტიდან აითვლება. ნაწილი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ ერთ წელსა და სამ თვეს გაატარებს, ნაწილი კი – წელიწადსა  და 9 თვეს.