დღეს, 14 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების ფარგლებში დაკავებული 8 პირის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. საქმეს თამარ მჭედლიშვილი განიხილავს.
პროცესზე პროკურატურის მოწმეთა დაკითხვა გაგრძელდა.
სასამართლომ 5 მოწმეს მოუსმინა, ხუთივეს დაზარალებულის სტატუსი აქვს.
მათი თქმით, დაზიანება მიიღეს აქციაზე, აქციის მონაწილეების მხრიდან სხვადასხვა ნივთის სროლის შედეგად, თუმცა ვერ დაასახელეს, კონკრეტულად ვისგან მიადგათ ეს დაზიანება.
პირველი მოწმე ნიკოლოზ ხურცილავა იყო. მისი თქმით, 28 ნოემბერს, ღამის 12 საათისკენ, ტუჩზე მოხვდა ქვა და 6 ნაკერის დადება გახდა საჭირო.
„დაახლოებით, 9-10 საათისკენ მივედით საპროტესტო აქციაზე. თავიდან, როცა მივედით, იყო უწყნარი აქცია. არანაირი დაძაბულობა არ შეინიშნებოდა. იყო ბევრი ადამიანი. მერე ნელ-ნელა დაიწყო აგრესიული ქმედებები. ეს არ ყოფილა ერთი და ორი ადამიანისგან. თავიდან იყო ლანძღვა-გინებები, სხვადასხვა უწმაწური სიტყვის გამოყენება. შემდეგ არ ვიცი, რატომ და რის გამო, დაიწყეს ძალადობრივი ქმედებები. ეს არ იყო ერთი და ორი კაცი, ეს იყო ათეულობით ადამიანი. ისროდნენ ქვებს, მსგავს მძიმე მასალებს პოლიციელების მიმართულებით.
ჩვენ ვიდექით ჭიჭინაძის ქუჩაზე. ჭიჭინაძის და რუსთაველის კვეთაზე. მომხვდა ქვა ტუჩზე, გამეხა. 6 ნაკერი მედო, 4 გარედან, 2 – შიგნიდან. წამიყვანეს საავადმყოფოში ჩემმა თანამშრომლებმა და მივიღე სამედიცინო დახმარება […] ვინ მესროლა კონკრეტულად, არ დამინახავს, ძალიან ბევრი მსგავსი მძიმე ნივთები მოდიოდა ჩვენი მიმართულებით, ფიზიკურად ვერ ვხედავდით, ვინ გვესროლა, იმიტომ რომ დაცვის რეჟიმში ვიყავით, თავში არ მოგვხვედროდა, მაგრამ საუბედუროდ მაინც მომხვდა სახის არეში“, – თქვა მოწმემ.
მოწმის განცხადებით, დაზიანების მიღებიდან მალევე დატოვა რუსთაველი.
„თანამშრომლებმა გამიყვანეს, ჩემით ვერ მოვახერხე, თვალებში ვერ ვიყურებოდი. გადამიყვანეს საავადმყოფოში. გამოკვლევები ჩამიტარეს, გამკერეს, მერე მაკვირდებოდნენ, შემდეგ გამომიშვეს სახლში“, – თქვა მან
მოწმემ თქვა, რომ ადგილზე სასწრაფოს დახმარება არ მიუღია, რადგან ექიმები სხვა დაშავებულ პოლიციელებს უწევდნენ დახმარებას.
მან გამორიცხა, რომ პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ მასზე ძალადობა მისი პროფესიის გამო განხორციელდა.
„ზუსტად ვიცი, იმიტომ განხორციელდა ჩემზე ძალადობა, რომ პოლიციელი ვიყავი. მოქალაქეები იძახდნენ, ძირს რუსეთის პოლიციაო და გვესროლეს ნივთები“, – განაცხადა მოწმემ.
„აქეთ პოლიციელები ვიყავით დასაცავი მოქალაქეების მხრიდან“, – ასე უპასუხა შეკითხვას, შეასრულა თუ არა თავისი მისია რუსთაველზე.
ადვოკატების შეკითხვის საპასუხოდ ხურცილავამ გაიმეორა, რომ ბრალდებულები არ ეცნობა.
ნიკოლოზ ხურვილავას თქმით, „რაღაც ვიდეოები უნახავს“, სადაც სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებიან.
„რაღაც ვიდეოები იდება, რაღაცები მინახავს. კონკრეტულად არ მახსოვს, არ ვაქცევ ყურადღებას, არ მიზიდავს ძალადობრივი ვიდეოების ყურება“, – განაცხადა მან.
მოწმემ სხდომაზე მან განაცხადა, რომ საავადმყოფოში ოპერატიული მანქანით მივიდა, თუმცა ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა სამედიცინო ჩანაწერი წარადგინა, რომელშიც წერია, რომ ხურცილავა საავადმყოფოში სასწრაფო დახმარებამ შეიყვანა.
მეორე მოწმე ივანე კაპანაძე იყო. მისი თქმით, ხელის არეში ქვა მოხვდა და სისხლდენა დაეწყო.
„28 ნოემბრიდან მოყოლებული მიმდინარეობდა პარლამენტის მიმდებარედ საპროტესტო აქციები. საპროტესტო აქციაზე მართლწესრიგის დაცვის მიზნით მე ვიმყოფებოდი 1 დეკემბერს. ჩემი მისვლიდან, დაახლოებით, ნახევარ საათში დაიძაბა სიტუაცია. საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი. აქციის მონაწილეები ჩვენ მიმართ აგრესიაზე გადავიდნენ. დაიწყეს სხვადასხვა ნივთების სროლა – ქვები, მინის ბოთლები, ფეიერვერკები და ა.შ.
დაახლოებით, დაძაბულობის დაწყებიდან 15 წუთში ხელის არეში მივიღე დაზიანება. დამეწყო ძლიერი სისხლდენა. ავედი 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე სასწრაფოს მანქანასთან. გამიწიეს ადგილზე პირველადი სამედიცინო დახმარება და გადამიყვანეს „კავკასიის მედიცინის ცენტრში“. შემდგომ ქირურგიული ჩარევა დამჭირდა. […] ვცდილობდი, ამერიდებინა ქვები და სხვადასხვა ნივთები, თუმცა ბოლოს ვეღარ ავირიდე და ხელში მომხვდა. ქვა, ქვის ნამტვრევი დავინახე“, – თქვა მოწმემ.
ადვოკატების შეკითხვაზე მოწმემ თქვა, რომ არ დაუნახავს, ვინ მიაყენა დაზიანება.
„მე არ დამინახავს, ვისმა ნასროლმა ქვამ მომაყენა დაზიანება“, – განაცხადა მან.
მესამე მოწმემ, ნიკოლოზ მანჯავიძემ ასევე ვერ ამოიცნო ბრალდებულის სკამზე მსხდომი პირები.
„28 ნოემბერი იყო. აქცია იყო და მომიწია ჭიჭინაძის ქუჩაზე ყოფნა. დაახლოებით, იყო 21:00, რა დროსაც მივედით. დიდი ოდენობის პოლიციელები ვიყავით. აქტივისტებიც, დაახლოებით, ერთ საათში მოემატნენ, ემატებოდნენ თანდათან. დაახლოებით, 23:00-კენ დაძაბული მომენტი იყო. სიტუაცია რომ დაიძაბა, აქტივისტებმა დაიწყეს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფები, გვეძახდნენ მონებს, რუსებს, რუსის პოლიციელებს, პოლიციელი აღარ იქნებით ცოტა ხანში, მილიციელი იქნებითო – ასეთი შეძახილები იყო და ითხოვდნენ ზემოთ ასვლას, პარლამენტის კარებთან. რამდენიმე პოლიციელი ვიყავით, ფიზიკურად ვერც ავიდოდნენ… ცოტა ხანში დაიწყეს ქვების სროლა, ბოთლების სროლა. ბოთლებში დასამძიმებლად ქვიშა იყო ჩაყრილი და გვესროდნენ სხვადასხვა საგანს, რითიც შეიძლებოდა, დაზიანება მიგვეღო.
მივიღე დაზიანება რუსთაველიდან გამოსროლილი ქვა იყო, მომხვდა თვალის ზედა კუთხეში, წარბთან.
მერე ჩემთვის უცნობი პოლიციელები, სახეზე რომ ვერ ვცნობდი, იმ წუთას გონებაც დავკარგე, წამიერი იყო გონების დაკარგვა, შემდეგ წამოვდექი და წამიყვანეს სასწრაფოს მანქანაში. გადამიყვანეს საავადმყოფოში“, – განაცხადა მან.
მოწმემ თქვა, რომ მისი რუსთაველზე ყოფნის დროს სპეცრაზმი წინ ედგა, თვითონ უკანა ხაზზე, მეორე ან მესამე რიგში იდგა. მისი თქმით, მოქალაქეები სპეცრაზმსაც ესროდნენ ნივთებს: „ისეთი სიტუაცია იყო, სულ ზემოთ ვიყურებოდით, ქვების წვიმა მოდიოდა პირდაპირი მნიშვნელობით… კვერცხებსაც ისროდნენ და ქვებსაც, რომ ვერ გაგვერჩია ეს ორი ერთმანეთისგან“, – თქვა მან.
მანჯავიძის შეფასებით, აქციის მონაწილეების მოქმედება ჯგუფური იყო: „როგორც ტალღა, წამოვიდოდა ქვები, სხვადასხვა მძიმე ნივთი, კვერცხები. 2-3 წუთი ისროდნენ ამას, გაჩერდებოდნენ, მერე გავიდოდა 10 წუთი, შემდეგ ისევ ისროდნენ, მერე გვაწვებოდნენ“, – თქვა მან.
ნიკოლოზ მანჯავიძემ ბრალდებულის სკამზე მსხდომი პირები ვერ ამოიცნო.
მეოთხე მოწმედ გამოიკითხა დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელი საბა ნაბახტეველი.
მისი თქმით, აქციის მონაწილის ნასროლი ქვის ფილა მოხვდა შუბლის, ცხვირის და ლოყის არეში.
ნაბახტეველმა ასევე თქვა, რომ არ ახსოვს, იყვნენ თუ არა ბრალდებულები აქციაზე.
შეკითხვაზე, დაამახსოვრდებოდა თუ არა ძალადობის ორგანიზებას რომ შესწრებოდა, მოწმემ უპასუხა:
„ორგანიზება, ასე ვთქვათ, ვერ ვიტყოდი, მაგრამ მახსოვს, რომ… უკანა რიგებიდან აქციის მონაწილეების მხრიდან მესმოდა შეძახილები: მივაწვეთ, ესე გავუკეთოთ, ისე გავუკეთოთ… ეს თუ ითვლება ორგანიზებად, მაშინ მესმოდა და თუ არ ისმოდა, მაშინ არ მესმოდა“, – განაცხადა მან.
ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილის შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა გამორიცხოს, რომ აქციის მონაწილეებს შორის ოპერატიული მუშაკებიც იყვნენ, ნაბახტეველმა თქვა, რომ ის აქციაზე მონაწილეებს და ჟურნალსიტებს ხედავდა.
„აქციაზე იმყოფება სამი ფიგურა: პოლიციელი, აქციის მონაწილე და ჟურნალისტი. მე, როგორც პოლიციელი, აქციაზე ვხედავ აქციის მონაწილეს და ჟურნალისტს“, – თქვა მან.
ადვოკატი: „ოპერატიული მუშაკი ადამიანია, რომელიც ფორმის მიღმა კონკრეტულ დავალებას ასრულებს, მაგალითად, ინფორმაციის მოპოვებას… თქვენ ხომ არ შეგიძლიათ, კატეგორიულად თქვათ, რომ ასეთი ადამიანი იქ არ იყო?“
მოწმე: „ვერ გეტყვით“.
მისივე თქმით, მისი იქ ყოფნის მომენტში პოლიციას აგრესია და შეურაცხყოფა მოქალაქეების მიმართ არ გამოუვლენია.
მეხუთე მოწმე ლაშა ბუიღლიშვილი მეტროპოლიტენის საპატრულო პოლიციაში მუშაობს. მისი თქმით, ქვა მოხვდა მუცელში და თავში და შუბლის არეში ნახეთქი ჭრილობა ჰქონდა. ის სასწრაფოს მანქანასთან გადაიყვანეს, სადაც პირველადი დახმარება მიიღო.
ადვოკატის შეკითხვაზე, ეცნობა თუ არა ბრალდებულის სკამზე მსხდომთაგან რომელიმე, მოწმემ თქვა, რომ არ ეცნობა.
„მე აქციის მონაწილეების მხრიდან მივიღე დაზიანება. ჯგუფური ძალადობის…აღნიშნული პირები არიან ბრალდებულები ჯგუფურ ძალადობასა და ორგანიზებაში“, – თქვა მან.
შეკითხვაზე, შეესწრო თუ არ ორგანიზების ფაქტს, იუღლიშვილმა თქვა:
„ორგანიზება არაა, რომ ყვიროდნენ, გადავთელოთო, მივაწვეთო? [ორგანიზატორი] არ დამინახია, ნიღბებში იყო უმეტესობა, დაფარული ჰქონდათ სახე“, – თქვა მან.
მოწმის თქმით, ნიღბის მიღმა მოქალაქე იყო თუ შსს-ს თანამშრომელი, ამაზე ინფორმაცია არ აქვს, თუმცა მისი აღქმით, ისინი აქციის მონაწილეები იყვნენ.
ადვოკატის შეკითხვაზე, პოლიციის მხრიდან მოქალაქეების შეურაცხყოფის ან ნივთების სროლის შემთხვევა ხომ არ ყოფილა, მოწმე ამბობს, რომ არა.
სხდომა დღეს ამ 5 მოწმის დაკითხვის შემდეგ დასრულდა. მომდევნო პროცესი 23 მაისს ჩაინიშნა.