თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 8 პირის პროცესი კვლავ პროკურატურის მოწმეების დაკითხვით განახლდა.
სამივე პოლიციელს: გრიგოლ ჭანტურიძეს, კახა ონიანს და ილია ქვათაძეს დაზარალებულის სტატუსი აქვთ.
დაკითხვის მიმდინარეობისას გაირკვა, რომ მათ არ იციან, ვისი ქმედების შედეგად მიიღეს დაზიანებები და ვერ ადასტურებენ, რომ რომელიმე ბრალდებული აქციაზე იმყოფებოდა, თუმცა მოწმეები აცხადებენ, რომ ბრალდებულების მიმართ პრეტენზია ექნებათ, თუ დადგინდება, რომ ისინი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდნენ.
გრიგოლ ჭანტურიძის თქმით, აქციაზე 28 ნოემბერს დაშავდა. სახეში ქვის ფილა მოხვდა და ოპერაცია დასჭირდა.
პროკურორის შეკითხვაზე, როგორც დაზარალებულს, რა პოზიცია აქვს ბრალდებულების მიმართ, მან განაცხადა:
„ბრალდებულების მიმართ, რომ დაისაჯონ კანონის სიმკაცრით, როგორც არის წესი. ჯგუფურ ძალადობაში ვინაც მიიღო მონაწილეობა, ჯგუფურად განხორციელდა ჩემ მიმართ ძალადობა და ვინაც მიიღო მონაწილეობა, ორგანიზატორი იქნება თუ მონაწილე, კანონის წინაშე უნდა პასუხი აგონ.
პროკურორი: თუმცა თქვენ პირადად არც ერთს არ იცნობთ
მოწმე: არა, არა, პირადი არც ერთთან ინტერესი…“, – თქვა მოწმემ პროკურორების მხრიდან დაკითხვის დროს.
მეორე მოწმემ, კახა ონიანმა, თქვა, რომ 1 დეკემბერს შუბლის არეში მიიღო დაზიანება.
„მე ახლა ვერც დავადასტურებ, რომ ეს ხალხი, პირადად ამათ ისროლეს და ვერც უარვყოფ. ჩემი აზრით, რადგან ბრალი ედებათ ძალადობრივი ჯგუფის ქმედებაში და ვისაც მონაწილეობაში, თუ დაუდასტურდათ, სასამართლოს პრეროგატივაა, აუცილებლად მექნება პრეტენზია.
ზოგადად ძალადობაზე პრეტენზია ყოველთვის მაქვს, ვგმობ და არა მარტო მოქალაქეების მიმართ და ჩვენს მიმართ, ასევე ნებისმიერი, ვინც ძალადობას ჩადის, ძალიან წინააღმდეგი ვარ.
აუცილებლად უნდა დაისაჯონ ისე, რაც კანონითაა გათვალისწინებული. კონკრეტულად მე ახლა ვერ ვიტყვი, არიან ესენი ან არ არიან, მაგრამ ვინც ამას სჩადის, პრეტენზია აუცილებლად მექნება.
პროკურორი: ვინ გესრლათ ქვა, დაინახეთ?
მოწმე: დანახვით არ დამინახავს, არ დამინახავს, ვინ მესროლა“, – თქვა მან დაკითხვისას.
მესამე მოწმე, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომელი ილია ქვათაძე 2 დეკემბერს პარლამენტის შენობაში იყო. მისი თქმით, მინების ჩამსხვრევის ხმა გაიგეს, გარეთ გავიდნენ და დაინახეს, რომ აქციის მონაწილეები აალებად ნივთებს ისროდნენ.
მისი თქმით, აქციის მონაწილის ნასროლი მყარი საგანი მოხვდა მარცხენა ყურის უკანა მხარეს, თუმცა არ ჩანდა, ვინ ისროლა.
მანაც, წინა მოწმეების მსგავსად აღნიშნა, რომ „თუ დადგინდება ძალადობრივი ქმედება, ჯგუფური თუ რაც იქნება, რა თქმა უნდა, ექნება პრეტენზია კანონის შესაბამისად“.
„უსაფუძვლოა, ამ ადამიანების მიმართ პოლიციელებს ჰქონდეთ პრეტენზიები“ – ამბობენ ადვოკატები.
ადვოკატები აცხადებენ, რომ ისეთი მოწმეების მოყვანა, რომლებიც ვერ უთითებენ, ვისმა ქმედებამ მიაყენა ზიანი, თუმცა პრეტენზიას აფიქსირებენ, საზოგადოებისთვის გაგზავნილი შეტყობინებაა, რომ აქციაზე პოლიციელები დაზარალდნენ.
მათი განცხადებით, გამოძიება ვერ ასახელებს, ჯგუფურ საქმეებში ბრალდებული 19 პირიდან კონკრეტულად ვისმა ქმედებამ რა ზიანი მოიტანა.
ადვოკატი რეზო აჭარაძე ფიქრობს, რომ საგამოძიებო უწყებამ მოწმეებს განუმარტა, რომ ვერ დაადგენენ მათ დაზარალებაში მონაწილე კონკრეტულ პირებს და სასამართლოში ზოგადი პასუხების გაცემის მითითება მისცა.
„იმ მომენტში, როცა ჩვენ, დაცვის მხარე ვუსვამთ შეკითხვას, რომ არ აინტერესებთ, მათ კონკრეტულად ვინ მიაყენა დაზიანება? კონკრეტული პასუხის გაცემისგან თავს იკავებენ.
როგორც ჩანს, მათ თავიდანვე განემარტათ, რომ ვერ იქნება დადგენილი ის პირი, ვინც მათ მიაყენა დაზიანება და საქმეს სჭირდება, რომ დააფიქსირონ სწორედ ასეთი პასუხი. სხვა ახსნა არ არის, როგორ შეიძლება, პოლიციელები, სამმართველოს უფროსები მოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ „იმ შემთხვევაში, თუკი დადგინდება…“ მათ კარგად იციან სამართალი, სამართლებრივი ნორმები, რას ნიშნავს დაზარალებულად ყოფნა და ამ სტატუსის ტარება.
ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ უნდა იქნას მითითებული, ვისგანაა მიყენებული ფიზიკური, მორალური თუ მატერიალური ზიანი. ამ შემთხვევაში, ასეთი პიროვნება რახან არ არის გამოკვეთილი, შეუძლებელია, ეს პიროვნება ითვლებოდეს რამე სახის დაზარალებულად.
ვთვლით, რომ ეს პასუხები არის მიმართული იმისკენ, რომ საზოგადოებაში გააგზავნონ მესიჯი, რომ აგერ დაზარალებული პოლიციელები არსებობენ. ამას არც უარვყოფთ, ერთი მხირდანაცაა დაზარალებული და მეორე მხრიდანაც, თუმცა აუცილებელია, გამოძიება იყოს მოწოდების სიმაღლეზე და დაედგინა, თუმცა ამის ინტერესი არ ჰქონდა“, – ამბობს ადვოკატი.
რეზო აჭარაძის დაკვირვებით, მოწმეები ყოველ მორიგ პროცესზე პასუხების დახვეწას ცდილობენ. მისი შეფასებით, ბრალდებულებისთვის წარდგენილი ბრალი სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, უკანონო და დაუსაბუთებელია.
„რომ წარმოვიდგინოთ, კიდევ ვინმეს წარუდგინონ ბრალი, ისევ ეს ხალხი იქნება დაზარალებული. მესამე, მეოთხე, მეხუთე საქმეზე ისევ ეს ხალხი იქნება დაზარალებული. რამდენ საქმეზე შეიძლება ერთი და იგივე ხალხი იყოს დაზარალებული?“, – თქვა აჭარაძემ.
ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ დაზარალებულის სტატუსის მქონე პირს პრეტენზია უნდა ჰქონდეს იმ პირის მიმართ, ვისი ქმედების შედეგადაც დაზარალადა. ამ საქმეებში კი გამოძიება ასეთ პირებს ვერ ასახელებს.
დაზარალებული კონკრეტულად საქმეში არის, ვისაც მიადგა ზიანი სისხლის სამართლებრივი დანაშაულის შედეგად. ბუნებრივია, როცა საუბარია ფიზიკურ ზიანზე და ჯანმრთელობის დაზიანებაზე, მაგალითად, ქვის მოხვედრაზე, ბუნებრივია, ერთადერთი დაზარალებული არის ის, ვისაც მოხვდა ქვა, ოღონდ იმ დანაშაულში და იმ პირის მიმართ უნდა ჰქონდეს პრეტენზიები, ვინც ეს ქვა მოახვედრა.
ჩვენ შემთხვევაში, უკვე აუდიტორიისთვის ცნობილია, რომ დაზარალებულადაა ცნობილი რამდენიმე ათეული პოლიციელი, რომელთა დაზიანების დროსაც ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები აქციაზე არც კი იმყოფებოდნენ. შესაბამისად, არალოგიკურია და უსაფუძვლოა, რომ ამ ადამიანების მიმართ კონკრეტულ პოლიციელებს ჰქონდეთ რამე ტიპის პრეტენზიები.
სასამართლო არ არის საგამოძიებო ორგანო. სასამართლო არის არბიტრი, რომელმაც უნდა განიხილოს ბრალდების დასაბუთებულობა. ის ფაქტი, რომ პოლიციელები მოდიან დაზარალებულები, ამ კონკრეტულ საქმეში „დაზარალებულები“, თორემ ზოგადად მათი ჯანმრთელობის დაზიანება შეიძლება ეჭვქვეშ არ იდგეს, როცა მოდიან და ამბობენ, რომ თუ სასამართლო დაადგენს, რომ ესენი არიან დამნაშავეებიო, ეს უბრალოდ არის ხელის შეწმენდის მცდელობა და მშრალად გამოსვლის მცდელობა, ერთი მხრივ იმ თვალსაზრისით, რომ მათ არ მოუწიოთ ჩვენების გადათქმა და დაცვის მხარის სასარგებლო ჩვენების მიცემა, იმიტომ, რომ სიმართლეა ის, რომ მათ მათ არ მიუღიათ ზიანი ბრალდებულებისგან და მეორეა, ხელების დაბანა და პასუხისმგებლობის დაკისრება სასამართლოზე, რომ მე არაფერ შუაში არ ვარ და სასამართლოა პასუხისმგებელი ამ შემთხვევაშიო.
არც ერთ მათგანს [19-დან] არ ედავება პროკურატურა კონკრეტული ადამიანის დაზიანებას, პროკურატურას არ აქვს დადგენილი ზუსტი დროც კი, როცა დემონსტრანტები იმყოფებოდნენ აქციაზე, არ იციან, ვინ ვის მიაყენა ზიანი. არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომ ბრალდებულებმა ვინმე დააზიანეს ან რამე ნივთი დააზიანეს“, – აცხადებს შოთა თუთბერიძე.