თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 8 პირის პროცესზე დაიკითხა პოლიციელი ლევან ბასილაძე.
სასამართლოზე გაირკვა, რომ ლევან ბასილაძე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, „ოცნების“ წევრის, გია ბასილაძის შვილია.
„ბატონო ლევან, მამათქვენი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეა?“, – ეს შეკითხვა მოწმეს დაუსვა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.
„საქმეს ეხება?“, – შეკითხვა პროკურორმა გააპროტესტა.
ადვოკატის შეფასებით, ის, რომ მოწმის მამა არის „ქართული ოცნებიდან“ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ცალსახად მიუთითებს მოწმის პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე.
„ის, რომ მოწმის მამა არის „ოცნების“ არა მხოლოდ წევრი, არამედ საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მიუთითებს მის პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე და მას, როგორც მოწმეს, აქვს მკაცრი ვალდებულება, იყოს როგორც პოლიტიკურად მიუკერძოებელი, გარდა იმისა, რომ უნდა იყოს მიუკერძოებელი, როგორც პოლიციელი.
გარდა იმისა, რომ მის მიერ არაერთხელ გამოვლენილი ცინიზმი ბრალდებულების მიმართ, მის მიერ ცუდად შეფარული სურვილი, რომ ჰქონდა მცდელობები, კითხვებს პასუხი არ გასცეს, ან არასრულად გასცეს, ჩემთვის ძალიან ნათელია; ამიტომ ამაზე პასუხი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დადგინდეს, ეს მოწმე არის მიკერძოებული თუ შეგვიძლია, მას შევხედოთ, როგორც ნეიტრალურ მოწმეს… ვფიქრობ, მოწმის ობიექტურობის შესაფასებლად ეს მნიშვნელოვანი კითხვაა“, – თქვა ადვოკატმა.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა შეკითხვა განარიდა:
„მისი ოჯახი ვინ არის, რა არის და რას წარმოადგენს, საქმისთვის შემხებლობა არ აქვს, შეკითხვა არის განრიდებული“, – განაცხადა მან.
მოწმეს ადვოკატის შეკითხვისთვის არ უპასუხია.
ლევან ბასილაძე დაიკითხა 11 პირის საქმეზეც.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ბასილაძე ამ პოსტს 2021 წლიდან იკავებს.
2020 წლიდან არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
წარსულში ის სატრანსპორტო და წყალმომარაგების კომპანიებში მუშაობდა.
