8 პროდასავლური ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ უარს ამბობს ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე და ყველაფერს გააკეთებენ, რათა „ჩვენი პრინციპული, უკომპრომისო ბრძოლითა და შრომით მაქსიმალურად დავაჩქაროთ არადემოკრატიული, ოლიგარქიული სისტემის დასასრული”.
„ჩვენ, საქართველოს პროდასავლური პოლიტიკური პარტიები და ჯგუფები, რომელთა მიზანიც არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის სრული დემონტაჟი, საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვა, ევროპული ტიპის დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრება, ჩვენი მოქალაქეებისათვის უსაფრთხო გარემოსა და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობის შექმნა, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, ერთობლივად ვაცხადებთ:
1. უარს ვამბობთ ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ არსებულ რეალობაში ამ პროცესში მონაწილეობა არ მოემსახურება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, და მხოლოდ ლეგიტიმაციის ფასადს შეუქმნის უკანონო რუსულ რეჟიმს;
2. ვაცნობიერებთ ერთობლივი მოქმედების აუცილებლობას და ვაცხადებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ რათა ჩვენი პრინციპული, უკომპრომისო ბრძოლითა და შრომით მაქსიმალურად დავაჩქაროთ არადემოკრატიული, ოლიგარქიული სისტემის დასასრული. გვჯერა, რომ გამარჯვების გზა რეჟიმთან სრულ ართანამშრომლობაზე გადის.
საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ვაგრძელებთ საერთო ეროვნულ წინააღმდეგობას.
ბოლომდე!”, – აცხადებენ პარტიები.
განცხადებაზე ხელმომწერები:
- თავისუფლების მოედანი;
- ევროპული საქართველო;
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
- სტრატეგია აღმაშენებელი;
- ახალი;
- გირჩი-მეტი თავისუფლება;
- დროა;
- ფედერალისტები.