„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2020 წლის 1 სექტემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსების საკითხები შეისწავლა და პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებულ შემოწირულებებში 2020 წლის 1 იანვრიდან გამოკვეთილი ტენდენციებიც მიმოიხილა.
TI-ის ცნობით, იმ 9 საარჩევნო სუბიექტიდან, რომელმაც არჩევნებში 1%-ის ოდენობის ხმა მაინც მიიღო, ერთმა სუბიექტმა („გირჩი”) შევსებული ფინანსური დეკლარაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ მიაწოდა.
შესაბამისად, ანგარიშში გამოკვეთილი მიგნებები ძირითადად ეყრდნობა 8 საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი ფინანსური დეკლარაციებისა და წინასაარჩევნოდ მიმდინარე პროცესების ანალიზს:
საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული შემოსავლები
კვლევის ფარგლებში შესწავლილმა საარჩევნო სუბიექტებმა 1 სექტემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით მთლიანობაში დაახლოებით 38.6 მლნ ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღეს. აქედან თითქმის ნახევარი (45%) – 17.3 მლნ ლარი, მმართველ პარტიაზე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მოდიოდა. 6 მლნ ლარით მეორე ადგილზე იყო „ლელო – მამუკა ხაზარაძე”, მესამეზე კი – საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 5.7 მლნ ლარით;
8 სუბიექტის მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების მხოლოდ 10% (3.7 მლნ ლარი) მოდიოდა სახელმწიფო დაფინანსებაზე, 90% (34.9 მლნ ლარი) კი – კერძოზე.
საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ჯამური შემოწირულობების 98% ფიზიკური პირების მიერ არის განხორციელებული, 2% კი – იურიდიული პირების მიერ.
კვლევის მიხედვით, ქართული პოლიტიკური პარტიების შემომწირველთა დაახლოებით 38%-ს იმაზე მეტი აქვს შეწირული, ვიდრე ერთი წლის საშუალო დარიცხული ხელფასია საქართველოში (დაახლოებით 11,900 ლარი). „ასეთ შემომწირველებზე ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულების დაახლოებით 85% მოდის, რაც მათ მსხვილ დონორებზე დამოკიდებულებას მიუთითებს, “- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
TI-ის მოკვლევის მიხედვით, მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წელს (17 ნოემბრამდე) დაახლოებით 68 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს და ამ შემომწირველებმა იმავე პერიოდში 1.6 მლნ ლარი გაიღეს „ქართული ოცნების” სასარგებლოდ.
ტენდერების გარდა, მმართველი პარტიის შემომწირველი ფიზიკური პირების კომპანიები გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების მიმღებებიც არიან. კერძოდ, 2020 წელს (17 ნოემბრამდე) დაახლოებით 4.2 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები მიიღეს იმ კომპანიებმა, რომლებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა პირებმა დაახლოებით 2.2 მლნ ლარი გაიღეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ.
TI-ში ამბობენ, რომ ცალკე კვლევის საგანი გახდა პარტიების მაჟორიტარი კანდიდატების შემოწირულებები. მართველი პარტიის „ქართული ოცნების” მიერ წარდგენილმა მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან შვიდმა (მათი ოჯახის წევრებისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით) 2020 წლის 1 იანვრიდან 17 ნოემბრამდე პარტიას 1,035,000 ლარი შესწირეს, რაც ამ პერიოდში პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულობების 5% იყო.
მაჟორიტარობის შვიდივე კანდიდატი მსხვილი ბიზნესმენია და სხვადასხვა ფორმით მთლიანობაში 127 კომპანიასთან არის დაკავშირებული. ეს მაჟორიტარები არიან: ზაალ დუგლაძე, ანტონ ობოლაშვილი, გოჩა ენუქიძე, ზაზა ლომინაძე, ირაკლი ხახუბია, დავით სონღულაშვილი და ვასილ ჩიგოგიძე. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ერთი მაჟორიტარი კანდიდატის ბიზნესპარტნიორები ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე ოდენობის თანხას სწირავდნენ პარტიას;
საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ მიერ დასახელებული მაჟორიტარობის 25 კანდიდატიდან 15-მა (მათი ოჯახის წევრებისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით) 2020 წლის 1 იანვრიდან 17 ნოემბრამდე საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიებს 565,670 ლარი შესწირეს, რაც ამ პერიოდში პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულებების 10%-ა. ამ თანხიდან 105,000 ლარი ერთსა და იმავე დღეს – 8 ოქტომბერს შესწირა მაჟორიტარობის კანდიდატ მურთაზ ზოდელავას ოთხმა ბიზნესპარტნიორმა (დიმიტრი ძაგნიძე, გიორგი ჩივიაშვილი, გიორგი გელხაური და ბექა ბასილაია);
საარჩევნო კამპანიის ფინანსების გამჭვირვალობა და მასზე ზედამხედველობა
ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში მტრულად განწყობილი სახელმწიფოდან – რუსეთიდან ქართული პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხი აქტუალური იყო, რასაც შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან ადეკვატური რეაგირება არ მოყვა.
კერძოდ, საგამოძიებო ჟურნალისტურმა პლატფორმამ „დოსიე“ ჟურნალისტური გამოძიება გაასაჯაროა, რომელიც ორ ნაწილად 24 და 31 აგვისტოს გამოქვეყნდა და მათში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კრემლთან კავშირებსა და ფინანსურ ურთიერთობებზეა მოთხრობილი.
„აღნიშნულმა საქმემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ გააჩნია შესაბამისი უფლებამოსილებები და კანონისმიერი ბერკეტები, რითაც შეძლებს მსგავსი შემთხვევების გამოძიებას. სხვა სახელმწიფო უწყებებმა კი, რომელთაც საგამოძიებო უფლებამოსილებები გააჩნიათ (საქართველოს პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) საერთოდ არ ჩათვალეს საჭიროდ, დაეწყოთ გამოძიება, რითაც პასუხგაუცემელი დარჩა სერიოზული კითხვები მტრულად განწყობილი სახელმწიფო მხრიდან ქართულ პოლიტიკაში ჩარევის თაობაზე, “- ნათქვამია ანგარიშში.